Loading data...
საქართველოს ქორეოგრაფთა კავშირის 35 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საზეიმო კონცერტი გაიმართება

კულტურის სამინისტროს სსიპ შემოქმედებითი საქართველოს მხარდაჭერით, საქართველოს ქორეოგრაფთა კავშირის დაარსებიდან 35 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საზეიმო კონცერტი გაიმართება 2026 წლის 30 ნოემბერს თბილისში, ალექსანდრე გრიბოედივის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში. ინფორმაციას შემოქმედებითი საქართველო ავრცელებს. 

ქორეოგრაფთა კავშირი 1991 წელს, საქართველოს ისტორიის ერთ-ერთ ურთულეს პერიოდში, თენგიზ სუხიშვილის თაოსნობით დაფუძნდა. ქართული ქორეოგრაფიული ხელოვნების გამორჩეული მოღვაწის, ილიკო სუხიშვილისა და ნინო რამიშვილის შვილის მიერ წამოწყებულმა ინიციატივამ საფუძველი ჩაუყარა პროფესიულ გაერთიანებას, რომლის მთავარი დანიშნულება ქართული საცეკვაო მემკვიდრეობის დაცვა, განვითარება და ქორეოგრაფთა პროფესიული საზოგადოების გაერთიანება გახდა.

სამოქალაქო დაპირისპირებისა და მძიმე სოციალურ-ეკონომიკური პირობების მიუხედავად, კავშირმა შეძლო ქართული ქორეოგრაფიული საზოგადოების ერთიანობის შენარჩუნება, რეგიონული ორგანიზაციების ჩამოყალიბება და პროფესიული საქმიანობის განვითარება.

დღეს საქართველოს ქორეოგრაფთა კავშირი აერთიანებს 500-ზე მეტ წევრს, აქვს ქვეყნის მასშტაბით მოქმედი რეგიონული სტრუქტურები და დემოკრატიული წესით არჩეული მმართველი ორგანოები. იგი წარმოადგენს ერთ-ერთ მრავალრიცხოვან პროფესიულ შემოქმედებით გაერთიანებას საქართველოში.

კავშირის საქმიანობის მნიშვნელოვანი მიმართულებებია ბავშვთა და ახალგაზრდული ქორეოგრაფიის განვითარება, ფესტივალებისა და კონკურსების ორგანიზება, პედაგოგ-ქორეოგრაფთა პროფესიული განათლება და გადამზადება, საერთაშორისო კულტურული თანამშრომლობა და ქართული ტრადიციული ცეკვის პოპულარიზაცია.

კავშირი ყოველწლიურად კავშირი ატარებს 12 ქორეოგრაფიულ ფესტივალს, მათ შორის ოთხ საერთაშორისო ფესტივალს, რომლებშიც ჯამურად 5000-ზე მეტი ბავშვი და ახალგაზრდა მონაწილეობს. კავშირთან ფუნქციონირებს პედაგოგ-ქორეოგრაფთა პროფესიული განვითარების ინსტიტუტი, ქორეოგრაფიული ანსამბლი „ირაო“ და ქართული ტრადიციული საცეკვაო სამოსის სამკერვალო საწარმო.

35 წლის საიუბილეო კონცერტი ქართული ქორეოგრაფიის თაობათა ერთიანობის სიმბოლო იქნება.

საიუბილეო კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ ქართული ქორეოგრაფიული ხელოვნების გამორჩეული ანსამბლები - „სუხიშვილები“, „რუსთავი“, „ერისიონი“ და „ირაო“. მათი ერთ სცენაზე გაერთიანება განსაკუთრებულ მნიშვნელობას შესძენს საიუბილეო საღამოს და წარმოაჩენს ქართული საცეკვაო ხელოვნების მდიდარ ტრადიციებს, საშემსრულებლო მრავალფეროვნებასა და პროფესიულ მემკვიდრეობას.

ღონისძიებას დაესწრებიან საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან მოწვეული ღვაწლმოსილი ქორეოგრაფები, გამოჩენილი მოცეკვავეები, პედაგოგები, ახალგაზრდა შემსრულებლები და დარგის წარმომადგენლები. სცენაზე ერთმანეთს შეხვდებიან ქართული ცეკვის ტრადიციების გამგრძელებელი უფროსი თაობისა და ახალი თაობის გამორჩეული წარმომადგენლები.

იუბილე არა მხოლოდ განვლილი 35 წლის შეჯამების, არამედ ქართული ქორეოგრაფიის მომავლის გააზრების შესაძლებლობაცაა.

საქართველოს ქორეოგრაფთა კავშირი ამჟამად მუშაობს ქართული ქორეოგრაფიის განვითარების კონცეფციაზე, რომელიც ითვალისწინებს პროფესიული განათლებისა და გადამზადების სისტემის განვითარებას, ქორეოგრაფიული საქმიანობის ხარისხობრივი სტანდარტების გაუმჯობესებას, დარგის ინსტიტუციურ გაძლიერებასა და სახელმწიფოსთან თანამშრომლობის ახალი მექანიზმების ჩამოყალიბებას.

საქართველოს ქორეოგრაფთა კავშირის 35 წლის ისტორია ადასტურებს, რომ ქართული ცეკვა არა მხოლოდ ჩვენი კულტურული მემკვიდრეობაა, არამედ ცოცხალი ხელოვნება, რომელიც აერთიანებს თაობებს, რეგიონებსა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრებ ქართველებს.

საიუბილეო კონცერტი სწორედ ამ ერთიანობის, ქართული ქორეოგრაფიული ტრადიციების უწყვეტობისა და მომავლისადმი რწმენის გამოხატულება იქნება.