საქართველოს გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს ალი ასადოვს შეხვდა
საქართველოს გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე აზერბაიჯანში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს ალი ასადოვს შეხვდა. შეხვედრას ესწრებოდნენ აზერბაიჯანის რესპუბლიკის გენერალური პროკურორი კამრან ალიევი და საქართველოს დელეგაციის წევრები. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
პრემიერ-მინისტრთან გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა ორი ქვეყნის კომპეტენტურ უწყებებს შორის არსებული მჭიდრო და ეფექტიანი თანამშრომლობის შესახებ ისაუბრეს. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებული მეგობრული და საქმიანი ურთიერთობები ხელს უწყობს მართლმსაჯულების მიმართულებით მჭიდრო თანამშრომლობას. ხაზი გაესვა საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის პროკურატურებს შორის თანამშრომლობის განსაკუთრებულ მიღწევებს და მომავალში ურთიერთთანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების თაობაზე მზაობა გამოითქვა.
საქართველოს გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს და გენერალურ პროკურორს მადლობა გადაუხადა მასპინძლობისთვის და აღნიშნა, რომ აზერბაიჯანის რესპუბლიკის გენერალურ პროკურატურასთან მჭიდრო თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება. ასევე, აზერბაიჯანის რესპუბლიკის გენერალურმა პროკურორმა კამრან ალიევმა მადლობა გადაუხადა საქართველოს გენერალურ პროკურორს გიორგი გვარაკიძეს ორ ქვეყანას შორის არსებული ნაყოფიერი სამართლებრივი თანამშრომლობისთვის.
პრემიერ-მინისტრთან გამართულ შეხვედრამდე აზერბაიჯანულმა მხარემ საქართველოს პროკურატურის წარმომადგენლებს გენერალური პროკურატურის ახალი ადმინისტრაციული შენობა და გენერალური პროკურატურის დაქვემდებარებაში არსებული მთავარი ანტიკორუფციული დირექტორატის ადმინისტრაციული შენობა დაათვალიერებინეს.