Loading data...
„საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ წარმომადგენლები სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ევროპის ერთ-ერთ უმსხვილეს ენერგეტიკული კომპანიის წარმომადგენლებს შეხვდნენ

„საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ წარმომადგენლებმა ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრა გამართეს ევროპის ერთ-ერთ უმსხვილეს ენერგეტიკულ კომპანიასთან - Enagás-თან, რომელიც გაზის ტრანსპორტირებასა და სისტემის უსაფრთხო, სტაბილურ და ეფექტიან მართვაზე არის პასუხისმგებელი. ინფორმაციას „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ ავრცელებს. 

მათივე ინფორმაციით, შეხვედრისას მთავარი აქცენტი გაკეთდა Monarch SCADA სისტემების ოპერირებასთან დაკავშირებული გამოცდილების გაზიარებაზე. აღინიშნა, რომ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიაში ზემოთხსენებული პლატფორმის დანერგვა/განვითარება მნიშვნელოვნად გაზრდის ოპერაციული პროცესების უსაფრთხოებას, საიმედოობასა და ეფექტიანობას, განსაკუთრებით სტრატეგიული ობიექტებისა და მიწისქვეშა ინფრასტრუქტურის მართვის პირობებში.

SCADA (Supervisory Control and Data Acquisition) სისტემა წარმოადგენს კრიტიკულ ტექნოლოგიურ პლატფორმას, რომელიც უზრუნველყოფს გაზის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მონიტორინგს, მართვასა და მონაცემთა რეალურ დროში დამუშავებას.

„ვიზიტის ფარგლებში დელეგაციამ, ასევე, სამუშაო შეხვედრა გამართა AspenTech Digital Grid Management-ის წარმომადგენლებთან. ტექნოლოგიური სესიის დროს განხილულ იქნა Emerson-ის SCADA არქიტექტურა, მისი ტექნოლოგიური მოდულები, ციფრული მართვის შესაძლებლობები და კიბერუსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტები.

AspenTech Digital Grid Management-თან შეხვედრაზე ასევე, ყურადღება გამახვილდა გლობალურ და ევროპულ პრაქტიკაზე, რაც მნიშვნელოვან როლს თამაშობს კომპანიის ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციისა და გაციფრულების პროცესში.

საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია აქტიურად მუშაობს, რათა დანერგოს თანამედროვე ტექნოლოგიები, გაიზიაროს წამყვანი ქვეყნების გამოცდილება და განაგრძოს ენერგეტიკული სისტემის მდგრადი განვითარებისკენ სვლა“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.