Loading data...
საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი და საქართველოს ელჩი საფრანგეთში ლევილის მამულის საქართველოსთვის გადმოცემის აქტზე ხელმომწერი ოჯახების წევრებს შეხვდნენ

საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი დავით ლორთქიფანიძე და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საფრანგეთის რესპუბლიკაში ირაკლი ყურაშვილი ლევილის მამულის საქართველოსთვის გადმოცემის აქტზე ხელმომწერი ოჯახების წევრებს შეხვდნენ.

კულტურის სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრას, რომელიც საფრანგეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოში გაიმართა, ხელმომწერი ოჯახებიდან ესწრებოდნენ: ირენ ციციშვილი, ქრისტინე ფაღავა-ბულეზი, კატრინ მარშიე მეუღლესთან ერთად და თამარ ჩხენკელი.

დავით ლორთქიფანიძემ ყურადღება გაამახვილა ლევილის მამულის სახელმწიფოებრივ მნიშვნელობაზე, ხაზი გაუსვა პროექტის დროულად და წარმატებით განხორციელების აუცილებლობას.

ლევილის ქართული აკადემიის ხელმძღვანელმა თამარ კვარაცხელიამ დამსწრე საზოგადოებას დეტალური ინფორმაცია მიაწოდა მამულის სარეაბილიტაციო პროცესის შესახებ. ყურადღება დაეთმო პროექტის შემდგომ ეტაპებსა და განვითარების ხედვას.

ხაზი გაესვა ლევილის მამულის განსაკუთრებულ როლს ქართულ-ფრანგული ურთიერთობების გაღრმავების, ორ ქვეყანას შორის ისტორიული კავშირების გაძლიერებისა და კულტურულ-საგანმანათლებლო ინიციატივების განსახორციელებლად ახალი შესაძლებლობების შექმნის კუთხით.

შეხვედრის მონაწილეებმა ლევილის მამულში განხორციელებული და მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერეს.