Loading data...
საქართველოს ეროვნულ მუზეუმსა და აზერბაიჯანის ეროვნული ხალიჩების მუზეუმს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს ეროვნული მუზეუმისა და აზერბაიჯანის ეროვნული ხალიჩების მუზეუმის თანამშრომლობით, აზერბაიჯანის სახალხო არტისტისა და გრაფიკოსის, პროფესორ არიფ ჰუსეინოვის ნამუშევრების გამოფენა მოეწყო და ორ მუზეუმს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს. 

„ბოლნისის მუზეუმში გამართულ გამოფენაზე წარმოდგენილია არიფ ჰუსეინოვის მიერ 2024-2025 წლებში, შერეული ტექნიკით, ტილოზე შესრულებული 12 გრაფიკული ნამუშევრის სერია და აზერბაიჯანის ეროვნული ხალიჩების მუზეუმის ტრადიციული ტექნოლოგიების განყოფილებაში შესრულებული ხალიჩა, რომელიც არიფ ჰუსეინოვის სურათის - „ორი გულის ისტორიის“ მიხედვითაა შექმნილი.

გამოფენა პროექტ „დროის კვანძების“ ფარგლებში, საქართველოსა და აზერბაიჯანის კულტურის სამინისტროების მხარდაჭერით იმართება და 5 დეკემბრამდე გაგრძელდება.

მემორანდუმს ხელი მოაწერეს საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალურმა დირექტორმა
დავით ლორთქიფანიძემ და აზერბაიჯანის ეროვნული ხალიჩების მუზეუმის დირექტორმა ამინა მელიკოვამ. მემორანდუმის მიზანია ერთობლივი გამოფენების მოწყობა და სამუზეუმო და საგანმანათლებლო პროექტების განხორციელება“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.