საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილედ გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილედ გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა. შესაბამის განცხადებას ხელი პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მოაწერა.
გიორგი ზურაბაშვილი კარიერული დიპლომატია. ის საგარეო საქმეთა სამინისტროში სხვადასხვა წლებში, სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა.
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილედ დანიშვნამდე იგი ევროპის დეპარტამენტის დირექტორი იყო.
„ზურაბაშვილი 2019-2024 წლებში ირლანდიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იყო,
ხოლო 2014-2019 წლებში ირლანდიაში საქართველოს საელჩოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი.
2013-2014 წლებში ზურაბაშვილი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური პროტოკოლის დეპარტამენტის დირექტორი გახლდათ, 2012–2013 წლებში ათასწლეულის გამოწვევის ფონდი "საქართველო"-ს აღმასრულებელი დირექტორი; 2005–2012 წლებში საქართველოს მთავრობის კანცელარიის პროტოკოლის დეპარტამენტის უფროსი; 2002-2003 წლებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატში უფროსის მოვალეობის შემსრულებელი; 1996–2002 წლებში კი საქართველოს მთავრობის კანცელარიაში სახელმწიფო პროტოკოლის სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე.
გიორგი ზურაბაშვილს მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი“, - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
აგრეთვე, სამინისტროს ინფორმაციით, მაკა ბოჭორიშვილის მოადგილეების თანამდებობებზე მუშაობას განაგრძობენ: ლაშა დარსალია, ვლადიმერ კონსტანტინიდი, ალექსანდრე ხვთისიაშვილი და ხათუნა თოთლაძე.