საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა ქბრბ ინციდენტის მართვის შესახებ სწავლება ჩაატარა
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს წარმომადგენლებთან ერთად, რადიოაქტიური ნარჩენების საცავის ტერიტორიაზე წარმოქმნილი ხანძრისა და რადიოლოგიური ინციდენტის პირობებში რეაგირების შესახებ პრაქტიკული სწავლება ჩაატარა. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.
სწავლების მიზანი იყო რადიოლოგიური საფრთხის დროული იდენტიფიცირება, დაშავებულთა ევაკუაცია, დეკონტამინაცია და უწყებებს შორის ეფექტიანი კოორდინაციის დახვეწა, რომელიც ეფუძნებოდა რეალურ ამოცანებზე აგებულ სცენარს. პროცესში მონაწილეობდნენ ქიმიურ, ბიოლოგიურ, რადიაციულ და ბირთვულ ინციდენტებზე რეაგირების (ქბრბ) დანაყოფები, სახანძრო-სამაშველო ძალები, საპატრულო პოლიცია, ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს და საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის თანამშრომლები.
სწავლებას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი, თემურ მღებრიშვილი, ასევე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ.