Loading data...
საგამოცდო ცენტრებამდე მისასვლელად მუნიციპალური ავტობუსების დამატებითი მარშრუტები ამოქმედდება

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ დადგენილ საგამოცდო პერიოდში, 3 ივლისიდან 6 აგვისტომდე, მუნიციპალური ავტობუსების დამატებითი მარშრუტები დაინიშნება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. 

მერიის ცნობით, იმ პირებს, რომელთაც გამოცდების ჩაბარება ან სხვადასხვა საჯარო სკოლაში აბიტურიენტთა მომსახურება უწევთ, ავტობუსები გადაიყვანენ შემდეგ საგამოცდო ცენტრებში: თბილისის N39, N103, N133 და N147 საჯარო სკოლები; N175 საჯარო სკოლა, სადაც განთავსდება ორი საგამოცდო ცენტრი; ასევე, N177, N191 და N207 საჯარო სკოლები.

„როგორც შარშან, წელსაც დაწესდება ავტობუსების დროებითი მარშრუტები, რომლებიც მოქალაქეებს სტანდარტული ტარიფით, 06:00-დან 20:00 საათამდე მოემსახურებიან.

N175 საჯარო სკოლის მიმართულებით ავტობუსები იმოძრავებენ ალექსანდრე გობრონიძის ქუჩიდან (მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრის“ მიმდებარე ტერიტორია);

N39, N177 და N191 საჯარო სკოლების მიმართულებით ავტობუსები მგზავრებს ასევე გობრონიძის ქუჩიდან (მეტროსადგურ ახმეტელის მიმდებარე ტერიტორია) მოემსახურებიან;

N103 საჯარო სკოლის მიმართულებით ავტობუსები გადაადგილდებიან მეტროსადგურ „სამგორის“ ზედა გასასვლელის მიმდებარე ტერიტორიიდან (კახეთის გზატკეცილი);

N147 საჯარო სკოლის მიმართულებით ავტობუსები იმოძრავებენ მეტროსადგურ „დიდუბის“ მიმდებარე ტერიტორიიდან (ანზორ აბულაშვილის ქუჩა, ყოფილი ტრანსპორტის ქუჩა);

რაც შეეხება N133 და N207 საჯარო სკოლებს, საგამოცდო ცენტრები მეტროსადგურ „ღრმაღელის“ მიმდებარე ტერიტორიაზეა განთავსებული. შესაბამისად, მგზავრები დანიშნულების ადგილამდე მისასვლელად, უკვე არსებულ მარშრუტებს გამოიყენებენ“, - აღნიშნულია თბილისის მერიის ინფორმაციაში.