საერთაშორისო კონფერენციაზე სააღსრულებო საქმისწარმოების ციფრულ განვითარებაზე იმსჯელეს

აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენლებმა საერთაშორისო კონფერენციაზე ციფრული საქმისწარმოების სისტემასა და გამოწვევებზე ისაუბრეს.
საერთაშორისო კონფერენცია „ხელოვნური ინტელექტი, ციფრული ინსტრუმენტები, გამოწვევები ალიმენტის ვალდებულებების აღსრულებაში“, ყაზახეთის ქალაქ ალმათიში ყაზახეთის კერძო აღმასრულებელთა რესპუბლიკური პალატისა და აღმასრულებელთა საერთაშორისო კავშირის (UIHJ) ერთობლივი ორგანიზებით გაიმართა.
აღსრულების ეროვნული ბიუროს საერთაშორისო ურთიერთობების მენეჯერმა, პანელური დისკუსიის ფარგლებში, დამსწრეებს საქართველოს სააღსრულებო სისტემაში ციფრული საქმისწარმოება, მიღწევები და გამოწვევები გააცნო.
ქართულმა დელეგაციამ, ასევე, ორმხრივი შეხვედრა გამართა უზბეკეთის რესპუბლიკის იძულებითი აღსრულების ბიუროს წარმომადგენლებთან. საუბარი უწყებებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით მემორანდუმის გაფორმების საკითხს შეეხო.
საერთაშორისო კონფერენცია აღმასრულებელთა საერთაშორისო დღის აღნიშვნას მიეძღვნა და ღონისძიების ფარგლებში განიხილეს ხელოვნური ინტელექტისა და ციფრული ტექნოლოგიების გამოყენება აღსრულების პროცესში.
კონფერენციაში თბილისის სააღსრულებო ბიუროს უფროსის მოადგილე თორნიკე ბეზარაშვილი, უფროსი აღმასრულებელი მამუკა ზოიძე და საერთაშორისო ურთიერთობების განვითარების მენეჯერი ანა არაბული მონაწილეობდნენ.