Loading data...
საბერიოში დაღუპული ბავშვების მშობლებს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კოკში, საცხოვრებელი სახლი გადაეცათ

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ ლევან მგალობლიშვილმა, დროებით ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ საბერიოში, ხანძრის შედეგად დაღუპული ბავშვების მშობლებს სახლი გადასცა.

მთავრობის თავმჯდომარე პირადად შეხვდა ჭოლარიების ოჯახის წევრებს, კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა და თანადგომა გამოუცხადა. შეხვედრაზე სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის სახელმწიფო რწმუნებული დავით ვერავა, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მრჩეველი მამუკა ცოტნიაშვილი, საქართველოს პარლამენტის წევრები - გენრიეტა წიწავა და დავით კოდუა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

„უმნიშვნელოვანესია, ამ ახალგაზრდა ოჯახის მიმართ ჩვენი თანადგომა და ყურადღება. მომხდარი ფაქტი არამარტო ამ ოჯახის, არამედ მთელი საქართველოს ტკივილი და ტრაგედიაა. ყველას კარგად გვახსოვს, იმ მძიმე დღეებმა, როგორ გაგვაერთიანა ჩვენ აფხაზ და-ძმებთან და დღევანდელი დღეც, ამ ერთობის ერთგვარი გაგრძელებაა. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო პრემიერ-მინისტრს, ბატონ ირაკლი კობახიძეს და ჯანდაცვის მინისტრს, ბატონ მიხეილ სარჯველაძეს ამ პროცესში თანამონაწილეობისა და მხარდაჭერისთვის“, - განაცხადა ლევან მგალობლიშვილმა.

სახლის შეძენა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კოკში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების ერთობლივი ჩართულობით განხორციელდა. ასევე, კომპანია „ელიტ ელექტრონიქსის“ მხარდაჭერით დაზარალებულ ოჯახს საოჯახო ტექნიკა გადაეცა.

ჭოლარიების ოჯახში ტრაგიკული შემთხვევა, მიმდინარე წლის, 5 იანვარს მოხდა. დროებით ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ საბერიოში, სახლში გაჩენილ ხანძარს 5 მცირეწლოვანი ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა.