საახალწლო განათებების მონტაჟის გამო, მელიქიშვილის გამზირზე და კოსტავას ქუჩის ნაწილზე ღამის საათებში საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება
საახალწლო ილუმინაციების სამონტაჟო სამუშაოების გამო, 20 ნოემბერს, 00:00-დან 03:00 საათამდე ავტომობილების გადაადგილება დროებით შეიზღუდება მელიქიშვილის გამზირზე. 03:00 საათიდან 06:00-მდე კი საავტომობილო მოძრაობა ორმხრივად შეიზღუდება კოსტავას ქუჩაზე, კერძოდ, თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზიდან მეტროსადგურ „რუსთაველამდე“ არსებულ საგზაო მონაკვეთზე.
შეზღუდვის პერიოდში ჭავჭავაძის გამზირიდან და ვარაზისხევიდან კოსტავას ქუჩისა და რუსთაველის გამზირის მიმართულებით სატრანსპორტო საშუალებები გადაადგილებას შეძლებენ კეკელიძის, ჯანაშიას, ქუთათელაძის, ბარნოვისა და ძმები კაკაბაძეების ქუჩების გამოყენებით. გარდა ამისა, კეკელიძის ქუჩიდან ჩამომსვლელი ნაკადი გადაადგილებას ვერ შეძლებს მელიქიშვილის გამზირის მიმართულებით.
რუსთაველის გამზირიდან მიმავალი ავტომობილები ქიაჩელისა და ახვლედიანის ქუჩების საშუალებით შეძლებენ გადაადგილებას, ხოლო ნიკოლაძის ქუჩიდან მარცხნივ მოხვევით მძღოლები რუსთაველის გამზირისა და ჭოველიძის ქუჩის მიმართულებით იმოძრავებენ. ასევე, რუსთაველის გამზირიდან გმირთა მოედნის მიმართულებით გადაადგილება დასაშვები იქნება მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩისა და მტკვრის მარცხენა სანაპიროს გამოყენებით.