Loading data...
რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუსი

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დირბის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ დაკავებული ტრისტან მუშკიაშვილი და ვალერი თეთრუაშვილი თავისუფალი არიან და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებიან. ინფორმაციას საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. 

უწყების ცნობით, ამ ეტაპზე უკანონო პატიმრობაში რჩება მათთან ერთად დაკავებული კიდევ ერთი პირი, რომლის უმოკლეს ვადებში გასათავისუფლებლად აქტიური მუშაობა მიმდინარეობს.

„აღნიშნული პირების უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლების პროცესში აქტიურად გამოიყენებოდა როგორც საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის (EUMM) უშუალო ჩართულობით მოქმედი „ცხელი ხაზის“ მექანიზმი, ისე ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა რელევანტური ინსტრუმენტი. საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება ინფორმაციას მუდმივ რეჟიმში აწვდიდა საერთაშორისო პარტნიორებს.

საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას.

ცენტრალური ხელისუფლება, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, განაგრძობს აქტიურ მუშაობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქის გასათავისუფლებლად“, - ნათქვამია სუს-ის განცხადებაში.