როგორ ვრცელდება ებოლას ვირუსი? - ივანე ჩხაიძის განმარტება
როგორ ვრცელდება ებოლას ვირუსი, რომლის არც ვაქცინა არსებობს და არც მედიკამენტი - ამ თემებზე „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ განაცხადა.
„ებოლას გავრცელების სპეციფიკური გზა აქვს, რის გამოც ის პანდემიის ერთ-ერთ სავარაუდო წყაროდ არ განიხილება. ვირუსი გადაეცემა დაავადებული ან გარდაცვლილი ადამიანის სხეულის სითხეებთან პირდაპირი კონტაქტის შედეგად. ასეთ სითხეებს მიეკუთვნება - სისხლი, პირნაღები მასა, ოფლი, ნერწყვი, განავალი და სპერმა. ებოლა მხოლოდ და მხოლოდ ამ გზით ვრცელდება.
ვირუსი არ გადაეცემა სხვა, უფრო გავრცელებული გზებით, მაგალითად, გარემოში მისი გამოყოფითა და ჰაერის საშუალებით. ინფიცირებისთვის აუცილებელია პირდაპირი კონტაქტი. მრავალი შემთხვევა დაკავშირებულია დაკრძალვის ტრადიციებთან, განსაკუთრებით ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა უგანდა და კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა. ამ რეგიონებში გავრცელებული რიტუალის მიხედვით, მიცვალებული რამდენიმე დღის განმავლობაში სახლში რჩება, ახლობლები მასთან ღამეს ათევენ და შემდეგ ხდება მისი განბანვა. სწორედ ამგვარი პრაქტიკები ზრდის ინფექციის გადაცემის რისკს.
ამრიგად, ებოლას გავრცელების გზა საკმაოდ სპეციფიკურია, რის გამოც ვირუსი ძირითადად ლოკალურ მნიშვნელობას ინარჩუნებს. მისი მასშტაბური, მსოფლიო გავრცელების შესაძლებლობა პრაქტიკულად ძალიან მცირეა. ამ შეფასებას იზიარებენ როგორც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია, ისე აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრები, რომლებიც მიიჩნევენ, რომ ებოლას ფართომასშტაბიანი გავრცელებისა და გლობალური აფეთქების რისკი ძალიან დაბალია“, - აღნიშნა ჩხაიძემ.
როგორც ჩხაიძე აღნიშნავს, ვირუსი განსაკუთრებით საშიში და საყურადღებოა, რადგან მის წინააღმდეგ არც მკურნალობის მეთოდი და არც ვაქცინა არსებობს.
„ებოლა განსაკუთრებით საშიში და საყურადღებოა იმის გამო, რომ არ არსებობს მისი მკურნალობის მეთოდი, ამიტომ ლეტალობის მაჩვენებელი მაღალია, დაახლოებით 20-დან 50 %-მდე. ებოლას ჰქვია - ჰემორაგიული ცხელება. ებოლას ის ვარიანტი, რომელიც ახლა გავრცელებულია - ებოლას სხვა ვარიანტებთან შედარებით ნაკლებად მაღალი ლეტალობის მაჩვენებლით ხასიათდება“, - დასძინა იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა.