როგორ გვეხმარება ატორისი ქოლესტერინის დონის მართვაში?
ატორისი აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტებია, რომლებიც, კალციუმის მარილის სახით, აქტიურ ნივთიერება ატორვასტატინს შეიცავს. პრეპარატი აფთიაქებში რეცეპტის საფუძველზე გაიცემა. მას ექიმები პაციენტებს, ძირითადად, პირველადი ჰიპერქოლესტერინემიის, შერეული ჰიპერლიპიდემიის, ასევე ჰეტეროზიგოტური და ჰომოზიგოტური ოჯახური ჰიპერქოლესტერინემიის დროს უნიშნავენ.
ცნობისთვის, ჰიპერქოლესტერინემია სისხლში ქოლესტერინის ჭარბი რაოდენობით დაგროვებაა, რაც ათერომების (კისტოზური წარმონაქმნი, ე.წ. ცხიმგროვა) წარმოქმნის მიზეზი ხდება. ჰიპერლიპიდემია კი სისხლში სხვადასხვა ფრაქციის ლიპოპროტეიდების (ლიპოპროტეინების) არანორმალური მატებაა, რაც გულის დაავადებების, ათეროსკლეროზისა და გულ-სისხლძარღვთა სხვა პრობლემების რისკს ზრდის.
რისთვის იყენებენ ატორისს?
ატორისს სისხლში ქოლესტერინის დონის სამართავად იყენებენ. პრეპარატი ხელს უწყობს დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების (LDL) ქოლესტერინის დონის შემცირებას, რომელსაც ხშირად „ცუდ ქოლესტერინს“ უწოდებენ.
ამის პარალელურად კი, მედიკამენტში შემავალი ატორვასტატინი ზრდის მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების (HDL) დონეს, რომელიც ცნობილია როგორც „კარგი ქოლესტერინი“.
გარდა ქოლესტერინის დონის მართვისა, ატორისს შეუძლია გულის შეტევის, ინსულტისა და გულთან დაკავშირებული სხვა პრობლემების რისკის შემცირება.
ატორისში შემავალი ატორვასტატინის მოქმედების მექანიზმი
როგორც აღვნიშნეთ, ატორისში შემავალი ატორვასტატინი, ძირითადად, ქოლესტერინის დონის სამართავად და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკის შესამცირებლად გამოიყენება. საინტერესოა, როგორ ახერხებს ამას ატორისის აქტიური ნივთიერება?
ატორვასტატინი მიეკუთვნება HMG-CoA რედუქტაზას ინჰიბიტორების (სტატინები) კლასს. ეს ფერმენტი, HMG-CoA რედუქტაზა, მნიშვნელოვან როლს ასრულებს ღვიძლის მიერ ქოლესტერინის გამომუშავებაში. ამ ფერმენტის ინჰიბირებით, ატორვასტატინი ამცირებს ქოლესტერინის, განსაკუთრებით „ცუდი ქოლესტერინის“ სინთეზს, რომელიც ათეროსკლეროზის გამომწვევი მთავარი მიზეზია.
ატორვასტატინის დახმარებით ქოლესტერინის სინთეზის დათრგუნვის პარალელურად, ღვიძლში დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების რეცეპტორების რაოდენობა იზრდება. ეს რეცეპტორები დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინებს იერთებენ და სისხლის პლაზმას აშორებენ. ეს, თავის მხრივ, სისხლში ქოლესტერინის დონის დაწევას იწვევს.
ატორისში შემავალი ატორვასტატინი არა მხოლოდ ამცირებს დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების, „ცუდი ქოლესტერინის“ დონეს, არამედ ხელს უწყობს მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების, „კარგი ქოლესტერინის“ დონის მომატებას. ეს უკანასკნელი პასუხისმგებელია ქოლესტერინის ტრანსპორტირებაზე არტერიებიდან ღვიძლში გამოსაყოფად, რაც ნადების დაგროვების რისკს ამცირებს.
ატორისის სარგებელი გულ-სისხლძარღვთა ჯანმრთელობისთვის
„ცუდი ქოლესტერინის“ მნიშვნელოვნად შემცირებით და „კარგი ქოლესტერინის“ დონის გაზრდით, ატორისი ხელს უწყობს ნადების დაგროვებასთან დაკავშირებული გართულებების პრევენციას. ეს კი გულის შეტევის, ინსულტისა და გულ-სისხლძარღვთა სხვა დარღვევების განვითარების რისკს ამცირებს.
ატორისის სარგებელი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ პაციენტებისთვის, რომლებსაც აქვთ გულის დაავადების, დიაბეტის ან ათეროსკლეროზის სხვა რისკფაქტორების ისტორია.
„ცუდი ქოლესტერინის“ შემცირებით ატორისი აუმჯობესებს ენდოთელიუმის ფუნქციას. შედეგად, სისხლძარღვების შიდა საფარი უფრო მოქნილი და ეფექტიანი ხდება. ეს კი გულ-სისხლძარღვთა სისტემის დატვირთვას ამცირებს და ხელს უწყობს სისხლის ნაკადის სასურველ დონეზე შენარჩუნებას უწყობს ხელს.