Loading data...
რკინიგზა სრულად განაახლებს სამგზავრო პარკს და მგზავრებს თბილისიდან ბათუმში 4 საათში ჩაიყვანს

ზაფხულის მოახლოებასთან ერთად საქართველოს რკინიგზას მგზავრებისთვის საინტერესო სიახლეები აქვს. კომპანიაში უკვე მიმდინარეობს ხუთი სამგზავრო მატარებლის კაპიტალური რემონტი. დაწყებულია სამგზავრო სადგურებისა და ბაქნების რეაბილიტაცია, მათ შორისაა: თბილისის, ფოთის, ურეკის, ქობულეთის, ზესტაფონის, სამტრედიისა და ჭიათურის სადგურები. ინფორმაციას საქართველოს რკინიგზა ავრცელებს.

მათივე ცნობით, საქართველოს რკინიგზა დამატებით 10 ახალი სამგზავრო მატარებლის შესყიდვას გეგმავს, რის შემდეგაც მაგისტრალური რეისები სრულად ახალი შემადგენლობებით შესრულდება.

ამჟამად აქტიური მუშაობა მიმდინარეობს თბილისი-ბათუმის რეისის მგზავრობის დროის შემცირებაზე. ზაფხულის სეზონის ბოლოსთვის რკინიგზა მგზავრებს ბათუმში, 5 საათისა და 30 წუთის ნაცვლად, 4 საათში ჩაიყვანს.

„არსებულ რეისებს ორი ახალი მიმართულება დაემატება: თბილისი-ქუთაისი-თბილისი და თბილისი-ახალციხე-თბილისი. ამჟამად მიმდინარეობს თბილისი-ახალციხის მონაკვეთის სრული რეაბილიტაცია, კაპიტალურად შეკეთდება სარკინიგზო ინფრასტრუქტურა, რის შემდეგაც მგზავრებს ახალციხეში სამ საათში ჩავიყვანთ. ასევე ვიწყებთ ბორჯომ-ბაკურიანის რკინიგზის აღდგენას. სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება ე.წ. კუკუშკას, რომელიც მგზავრებს 2027 წლიდან მოემსახურება“, - აცხადებს ლაშა აბაშიძე.