Loading data...
რიკოთის უღელტეხილზე, ახალ ჩქაროსნულ გზაზე გადაადგილება 30 დეკემბრის შუადღიდან იქნება შესაძლებელი

რიკოთის უღელტეხილზე ისტორიული მაგისტრალის მშენებლობა დასრულდა. 52-კილომეტრიან, ახალ, ოთხზოლიან ჩქაროსნულ გზაზე გადაადგილება დღეს შუადღიდან იქნება შესაძლებელი.

რიკოთის მაგისტრალური გზა მოიცავს 51 გვირაბსა და 97 ხიდს, მათ შორის ყველაზე გრძელი გვირაბის სიგრძე 1 კილომეტრი და 800 მეტრია, ყველაზე გრძელი ხიდის კი 1 კილომეტრი და 332 მეტრია. ახალი მაგისტრალი სრულად არის აღჭურვილი თანამედროვე განათების სისტემით და შეესაბამება საგზაო უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტებს.

გზის ექსპლუატაციაში გაშვება მგზავრობის მანძილს 8 კილომეტრით ამცირებს და გადაადგილების დროს ანახევრებს. რიკოთის მაგისტრალური გზა აღმოსავლეთ-დასავლეთის საერთაშორისო საგზაო დერეფნის მნიშვნელოვან მონაკვეთს და საქართველოს სატრანსპორტო ქსელის ერთ-ერთ საკვანძო ინფრასტრუქტურულ პროექტს წარმოადგენს.

პროექტი განხორციელდა აზიის განვითარების ბანკის, ევროპის საინვესტიციო ბანკის, მსოფლიო ბანკისა და საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის თანადაფინანსებით. საპროექტო და სამშენებლო სამუშაოების ჯამური ღირებულება დაახლოებით 2,6 მილიარდი ლარია.