Loading data...
Reuters: საოცარი EURO-ს შემდეგ, ქართველმა გულშემატკივრებმა სამშობლოში დაბრუნებულ ფეხბურთელებს დახვედრა მოუწყვეს

გამოცემა Reuters ევროპის ჩემპიონატიდან საქართველოს ეროვნული ნაკრების დაბრუნებას ეხმაურება სამშობლოში, სადაც ათასობით გულშემატკივარი დახვდათ. 

როგორც გამოცემა აღნიშნავს, ქართველ ფეხბურთელებს EURO2024-ზე „ამაღელვებელი გამოსვლების სერია“ ჰქონდა.

„თბილისის ცენტრალურ მოედანზე ათასობით ბედნიერი ქართველი გულშემატკივარი შეიკრიბა, რათა ეროვნულ საფეხბურთო გუნდს მისალმებოდნენ ევრო 2024-ზე დებიუტის შემდეგ. 

ქართველ ფეხბურთელებს ევროპის მასშტაბით ამაღელვებელი გამოსვლების სერია ჰქონდათ, რომლის ფარგლებშიც, ანგარიშით 2:0, შოკისმომგვრელი გამარჯვება მოიპოვეს კრიშტიანუ რონალდუს პორტუგალიაზე და მერვედფინალში გავიდნენ.

ქართველი მოთამაშეები 1991 წლამდე მაღალ დონეზე იყვნენ წარმოდგენილი მაშინდელი საბჭოთა კავშირის ნაკრებში, თუმცა, ქვეყანას მსხვილ ტურნირებში მონაწილეობის უფლება მოსკოვისგან დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, აღარ ჰქონდა მოპოვებული. ახლა, ხვიჩა კვარაცხელიასა და გიორგი მიქაუტაძის თაოსნობით, ევროპის ჩემპიონატზე წარმატებული დებიუტის შემდეგ, ბევრ ქართველს გაუჩნდა იმედი, რომ მათი პატარა ქვეყანა მომავალში, საფეხბურთო რუკაზე თავს დაიმკვიდრებს“, - წერს გამოცემა და ღონისძიებიდან ფოტოებს ავრცელებს.