რეგიონული განვითარების მინისტრის მოადგილე: სოფელ კურსებში შექმნილია შტაბი, რომელშიც ჩართულია ყველა სახელმწიფო სტრუქტურა, აქტიურ რეჟიმში ვმუშაობთ, რათა გრძელვადიან პერსპექტივაში დავისახოთ სამოქმედო გეგმა
შემუშავდა მოკლევადიანი სამოქმედო გეგმა, რაც ითვალისწინებდა პირველ რიგში ეპიცენტრში მყოფი მოსახლეობის სასწრაფო ევაკუაციას, - განაცხადა რეგიონული განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ ლევან ზაუტაშვილმა ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ კურსებში განვითარებულ მეწყერთან დაკავშირებით ადგილზე მიმდინარე სამუშაოებზე.
მისი ინფორმაციით, ეპიცენტრის ზონაში ამჟამად გეოლოგიის დეპარტამენტის წარმომადგენლები იმყოფებიან.
„ხდება სიღრმისეული შესწავლა როგორც გამომწვევი მიზეზების, ისე მოსალოდნელი საშიშროების. სოფელ კურსებში შექმნილია შტაბი, რომელშიც ჩართულია ყველა სახელმწიფო სტრუქტურა. აქტიურ რეჟიმში ვმუშაობთ, რათა გრძელვადიან პერსპექტივაში დავისახოთ სამოქმედო გეგმა“, - აღნიშნა ზაუტაშვილმა.
ტყიბულის მერის დავით კუბლაშვილის ინფორმაციით, სოფელში მეწყრის შედეგად ხუთი სახლი დაინგრა. ამასთან, როგორც მერმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა, 38 ოჯახის ევაკუაცია განხორციელდა.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, სტიქიის ადგილზე იმყოფება გეოლოგების სამი ჯგუფი, რათა დადგინდეს გამომწვევი მიზეზები.
ამასთან, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მობილიზებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის წარმომადგენლები, ასევე, შესაბამისი ტექნიკა. მეხანძრე-მაშველები აქტიურ რეჟიმში ახორციელებენ სამუშაოებს.
ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ კურსებში მეწყრული პროცესების განვითარების გამო, ქუთაისი-ტყიბულის გზაზე ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა.