რატი იონათამიშვილმა ბიოფსიქოსოციალური მოდელის დანერგვის საკოორდინაციო საბჭოს პირველ სხდომაში მიიღო მონაწილეობა
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ რატი იონათამიშვილმა ბიოფსიქოსოციალური მოდელის დანერგვის საკოორდინაციო საბჭოს პირველ სხდომაში მიიღო მონაწილეობა.
საბჭოს უმთავრეს ამოცანას ინტერსექტორული თანამშრომლობის გაღრმავება და იმ მასშტაბური ცვლილებების მხარდაჭერა წარმოადგენს, რომლებიც პირდაპირ გამომდინარეობს „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონიდან.
საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სტატუსის მინიჭების რეფორმა ახალ ფაზაში შედის, რაც მიზნად ისახავს არსებული მიდგომების ფუნდამენტურ ტრანსფორმაციას.
დაგეგმილი რეფორმა გულისხმობს დღემდე მოქმედი, ე.წ. სამედიცინო მოდელის იმგვარ გარდაქმნას, რომლის მიხედვით, პირისთვის შშმ სტატუსის მინიჭება აღარ მოხდება მხოლოდ სამედიცინო დიაგნოზის საფუძველზე. ახალი, ბიოფსიქოსოციალური მიდგომით, შეფასების სისტემას ემატება ადამიანის ფუნქციონირების კომპლექსური კომპონენტი, რაც სახელმწიფოს საშუალებას მისცემს ინდივიდუალურ დონეზე შეისწავლოს და განსაზღვროს თითოეული პირის სპეციფიკური საჭიროებები, რაც მომავალში უფრო ეფექტური და მიზნობრივი სოციალური მხარდაჭერის გარანტი გახდება.
საკოორდინაციო საბჭოს სხდომა მისასალმებელი სიტყვით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ გახსნა. მან ყურადღება გაამახვილა ახალი მოდელის პრაქტიკაში რეალიზების ძირითად აქცენტებსა და სტრატეგიულ მიმართულებებზე.
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ რატი იონათამიშვილმა თავის გამოსვლაში ხაზი გაუსვა იმ აქტუალურ და კრიტიკულად მნიშვნელოვან საკითხებს, რომლებიც თან მოჰყვება რეფორმის განხორციელების პროცესს.
სამუშაო შეხვედრას ესწრებოდნენ: პარლამენტის, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის ჯანდაცვის სამინისტროს, სხვა უწყებების, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების და შშმ თემის წარმომადგენლები.