პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე პატრიარქის არჩევნებზე: არავინ ჩარეულა ამ არჩევნებში და, ბუნებრივია, ვერ ჩაერეოდა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ერთიანობა და ურთიერთპატივისცემა წმინდა სინოდში შენარჩუნებულია
საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას აქვს საპატრიარქო ღირსება. უძველეს დროში საქართველოს ეკლესია აყვანილი იყო საპატრიარქო ღირსებაში, რაც ნიშნავს, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაური ბრძანდება კათოლიკოს-პატრიარქი, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ.
მან აღსაყდრების ცერემონიის დეტალები განმარტა და აღნიშნა, რომ ინტრონიზაცია ყოველთვის უწმინდეს საპატრიარქო ტაძარში ტარდება.
პროტოპრესვიტერმა ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის აღმშენებლობაში ილია მეორის ღვაწლს გაუსვა ხაზი და ასევე აღნიშნა, რომ მე-14 საეკლესიო კრება მაღალ დონეზე ჩატარდა. მისივე თქმით, ახალი პატრიარქის არჩვის პროცესში არავინ ჩარეულა.
„არავინ ჩარეულა ამ არჩევნებში და, ბუნებრივია, ვერ ჩაერეოდა. ყველა მღვდელმთავარს ჰქონდა სრული თავისუფლება, რომ საკუთარი სინდისითა და პასუხისმგებლობით ღვთის წინაშე გამოერჩია საქართველოს კათალიკოს-პატრიარქად 3 კანდიდატს შორის ერთ-ერთი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ერთიანობა და ურთიერთპატივისცემა წმინდა სინოდში შენარჩუნებულია. თავად ახლადარჩეული პატრიარქი ყველას მიმართავს უდიდესი სიყვარულითა და პატივისცემით, მიუხედავად იმისა, ვინ მისცა მას ხმა და ვინ - არა. ეკლესიის ერთიანობაზე ძალიან ბევრი რამ დგას და იწყება ახლადარჩეული პატრიარქის მსახურება უდიდესი პასუხისმგებლობით. ეს არის მსახურება მთელი ქართველი ერისთვის, საქართველოს ეკლესიის კიდევ უფრო წინსვლისა და წარმატებისთვის“, - აღნიშნა პროტოპრესვიტერმა.