პროკურატურის თანამშრომელთა პროფესიული დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში სტუდენტებთან შეხვედრა გაიმართა
პროკურატურის თანამშრომელთა პროფესიული დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში სხვადასხვა უნივერსიტეტების სტუდენტებისთვის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
გენერალური პროკურატურის ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის პროკურორებმა სტუდენტებს საპროკურორო საქმიანობის ძირითადი მიმართულებები, პროკურატურის ფუნქციები და მართლმსაჯულების სისტემაში პროკურორის როლი გააცნეს.
შეხვედრის ფარგლებში ასევე ქალთა და გოგონათა მიმართ ძალადობისა და ოჯახური დანაშაულების შესახებ ისაუბრეს. განიხილეს გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობისა და სასამართლოში სახელმწიფო ბრალდების ეფექტიანი მხარდაჭერის პრაქტიკული ასპექტები. შეხვედრაზე ხაზი გაესვა მსხვერპლზე ორიენტირებული მიდგომების აუცილებლობას და ასევე, საზოგადოებაში არსებულ სტერეოტიპებსა და სხვა აქტუალურ სამართლებრივ საკითხებს.
შეხვედრა ინტერაქტიურ რეჟიმში წარიმართა. შეხვედრის მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაესვათ შეკითხვები და მიეღოთ ამომწურავი პასუხები მათთვის საინტერესო თემებზე.
საქართველოს პროკურატურა ახალგაზრდებთან საინფორმაციო შეხვედრებს მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს, რაც საზოგადოების სამართლებრივი ცნობიერების ამაღლებასა და ახალგაზრდების პროფესიულ განვითარებას შეუწყობს ხელს.