Loading data...
პრემიერი: ვეტერანების ღვაწლის დაფასება, ქვეყნის წინსვლისთვის ვეტერანების უნიკალური გამოცდილების გამოყენება და ამასთანავე, მათი სოციალური დაცვა ჩვენი სახელმწიფოს პოლიტიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია

მინდა, თითოეულ ვეტერანს მივულოცო დღევანდელი დღე და კიდევ ერთხელ გამოვხატო პატივისცემა იმ შეუფასებელი წვლილისთვის, რომელიც თქვენ სამშობლოს დამოუკიდებლობისა და ერთიანობისთვის ბრძოლაში მიგიძღვით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ვეტერანის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ვეტერანების ღვაწლის დაფასება, ქვეყნის წინსვლისთვის ვეტერანების უნიკალური გამოცდილების გამოყენება და ამასთანავე, მათი სოციალური დაცვა ჩვენი სახელმწიფოს პოლიტიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია.

„განსაკუთრებული პატივისცემით მივესალმები ჩვენს ძვირფას ვეტერანებს. მინდა, თითოეულ ვეტერანს მივულოცო დღევანდელი დღე და კიდევ ერთხელ გამოვხატო პატივისცემა იმ შეუფასებელი წვლილისთვის, რომელიც თქვენ სამშობლოს დამოუკიდებლობისა და ერთიანობისთვის ბრძოლაში მიგიძღვით. დღეს ჩვენ ასევე ვიხსენებთ და პატივს მივაგებთ ჩვენი გმირი მებრძოლების ხსოვნას, რომლებმაც ყველაზე ძვირფასი - საკუთარი სიცოცხლე გაიღეს სამშობლოსთვის. ვეტერანების ღვაწლის დაფასება, ქვეყნის წინსვლისთვის ვეტერანების უნიკალური გამოცდილების გამოყენება და ამასთანავე, მათი სოციალური დაცვა ჩვენი სახელმწიფოს პოლიტიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია; ეს არის ჩვენი ვალი იმ ადამიანების წინაშე, რომლებმაც ქვეყნის ერთიანობისა და თავისუფლებისთვის ბრძოლაში არაფერი დაიშურეს.

ამ პოლიტიკის შედეგები კონკრეტულ რიცხვებსა და ფაქტებშია გამოხატული: მხოლოდ მიმდინარე წელს 5 500-ზე მეტი ვეტერანის სამედიცინო მკურნალობა დაფინანსდა, 3 500-მდე სტუდენტს - ვეტერანთა შვილებს - სახელმწიფომ სწავლის საფასური დაუფარა. „აწარმოე საქართველოს“ პროგრამის ფარგლებში ვეტერანებს ვეხმარებით საკუთარი ბიზნესის წამოწყებაში; მათი მონაწილეობით იქმნება ფერმერთა ასოციაციები; მათი სახელით ჩვენი სპორტსმენები საერთაშორისო ასპარეზზე იმარჯვებენ. რა თქმა უნდა, ყველა ამ პროცესში აქტიურად არის ჩართული ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური, რომელიც სოციალურ, ჯანდაცვის, კულტურულ-საგანმანათლებლო, ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობისა და დაღუპულ მეომართა უკვდავყოფის პროგრამებს ახორციელებს. ამისთვის განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი სამსახურის ხელმძღვანელს, ბატონ კობა კობალაძეს და სამსახურის თითოეულ თანამშრომელს. მოხარული ვარ, რომ ამ ძალისხმევაში ხელისუფლება მარტო არ არის. განსაკუთრებით აღსანიშნავია კერძო სექტორის, სამედიცინო კლინიკებისა და საქველმოქმედო ფონდების როლი, რომლებიც უანგაროდ დგანან ჩვენი ვეტერანების ჯანმრთელობის სადარაჯოზე, მათ შორის საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებშიც. ეს თანადგომა ფასდაუდებელია“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.