Loading data...
ფოტოგრაფი ბადრი ვადაჭკორია 79 წლის ასაკში გარდაიცვალა

ფოტოგრაფი ბადრი ვადაჭკორია 79 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში მისი ახლობლები ავრცელებენ. 

ცნობისთვის, ბადრი ვადაჭკორია 1971 წლიდან საქტელერადიოკომიტეტში სპეციალურ კორესპონდენტად მუშაობდა. იგი იყო საქტელერადიოკორპორაციისა და „ახალი ქართული გაზეთის“ საკუთარი კორესპონდენტი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში (1998–2002), ასევე, გაზეთების „ნატვრისთვალის“, „ახალგაზრდა კომუნისტის“ სპეციალური კორესპონდენტი. 1994–1998 წლებში მოღვაწეობდა დიპლომატიურ სამსახურში, იყო საერთაშორისო ფოტოკონკურსების მონაწილე და ლაურეატი.

ასევე, იგი გახლდათ საქართველოს ჟურნალისტთა შემოქმედებითი კავშირის (ფედერაცია) წევრი (1982), ჟურნალისტთა საერთაშორისო ორგანიზაციის წევრი (1993) და ჟურნალისტთა ფედერაციის პრიზის „ოქროს ფრთის“ ლაურეატი (2005).

2022 წელს მას თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა. 

ბადრი ვადაჭკორია იყო 25 ფოტოკრებულის და 6 წიგნის ავტორი. მისი ნამუშევრებია: ფოტოალბომი „ქართული სული“ (2007, I ტ.), „ჩემი საქართველო“ (2010) და სხვ.