ფილარმონიის რეაბილიტაციის პროექტირებაზე ბაზრის კვლევა გამოცხადდა

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზის – ფილარმონიის რეაბილიტაციისთვის დეტალური საპროექტო-სახელშეკრულებო დოკუმენტაციის მოსამზადებლად ბაზრის კვლევა გამოაცხადა. ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.
პროექტის მიზანია კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსის მქონე უნიკალური შენობის სრული რეაბილიტაცია და მისი ადაპტაცია თანამედროვე მოთხოვნებსა და საერთაშორისო სტანდარტებთან.
სამუშაოების ფარგლებში შენარჩუნდება ფილარმონიის პირვანდელი არქიტექტურული იერსახე, ინტეგრირდება თანამედროვე საინჟინრო და ტექნოლოგიური სისტემები, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს საკონცერტო დარბაზის ფუნქციონირებას.
რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ, ფილარმონია იქცევა თანამედროვე, მრავალფუნქციურ კულტურულ სივრცედ, რომელიც შესაძლებლობას მისცემს თბილისს უმასპინძლოს მაღალი დონის კონცერტებს, კულტურულ და საგანმანათლებლო ღონისძიებებს, გამოფენებსა და საერთაშორისო ფესტივალებს.
პროექტის მომზადების პროცესი 9 თვეში დასრულდება, რის შემდეგაც დაიწყება უშუალო სამშენებლო და რეაბილიტაციის ეტაპი.
დეტალური ინფორმაცია გამოცხადებული ბაზრის კვლევის შესახებ ხელმისაწვდომია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ელექტრონულ სისტემაში.