ფერმერული მეურნეობების განვითარების საკითხებზე მესაქონლე ფერმერებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეებმა ლაშა ავალიანმა და ლაშა დოლიძემ მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ფერმერული მეურნეობების განვითარების საკითხებზე მესაქონლე ფერმერებთან, ხორცის იმპორტიორებთან და რეალიზატორებთან სამუშაო შეხვედრა გამართეს.
შეხვედრაზე მხარეებმა სექტორში არსებული ძირითადი გამოწვევები, შიდა და საექსპორტო ბაზრებზე არსებული მდგომარეობა, სახელმწიფო პროგრამების განვითარების პერსპექტივები, ხელოვნური განაყოფიერების ხელშეწყობის, საძოვრებზე ხელმისაწვდომობისა და ჯიშური მრავალფეროვნების გაუმჯობესების საკითხები განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ხორცისა და ცოცხალი მოზარდი საქონლის დეფიციტს, ასევე, ცოცხალი პირუტყვის მომარაგებასთან დაკავშირებულ გამოწვევებს.
ლაშა ავალიანის განცხადებით, მესაქონლეობის სექტორის მხარდაჭერა სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში გაგრძელდება. იგეგმება არსებული პროგრამების მოდერნიზება და მათი მეტად მორგება ფერმერების ინტერესებზე.
„სექტორის წარმომადგენლებისგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, სამინისტრო დაიწყებს იმ ნაბიჯებზე მუშაობას, რომლებიც დარგის გაძლიერებას შეუწყობს ხელს. რეგულარულ რეჟიმში მოვისმენთ მოსაზრებებს და პოზიციებს. ეს უზრუნველყოფს, რომ სამომავლო გადაწყვეტილებები წინასწარ იყოს შეთანხმებული და სექტორის ინტერესებზე მაქსიმალურად მორგებული“, - აღნიშნა ლაშა ავალიანმა.
ფერმერებმა ყურადღება გაამახვილეს მცირე ფერმერული მეურნეობების განვითარების აუცილებლობაზე და აღნიშნეს, რომ სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერა ამ მიმართულებით კრიტიკულად მნიშვნელოვანია.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი გიორგი იაკობაშვილი და შესაბამისი დეპარტამენტების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.