პატრიარქი - მუდამ გახსოვდეთ, აღდგომა არის მარადიულობის იმედი, აღდგომაა მტრობის დამარცხება, შურზე, ბოროტებაზე და სიკვდილზე გამარჯვება

„მუდამ გახსოვდეთ, აღდგომა არის მარადიულობის იმედი და მწუხარების განქარვების დღე, აღდგომაა მტრობის დამარცხება, შურზე, ბოროტებაზე და სიკვდილზე გამარჯვება; აღდგომაა პატიება, გამოსყიდვა და სიხარული; აღდგომაა სიყვარულის ზეიმი და შესაძლებლობა საუფლო სხეულში ყველას განახლებისა და ქრისტეში გაერთიანებისა,“ - ამის შესახებ უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის სააღდგომო ეპისტოლეშია აღნიშნული.
„ადამიანი არ არის ცალკე არც სული და არც სხეული, არამედ - მათი ერთობა. ასე შეიქმნა იგი თავიდანვე; ამ ერთობას არღვევს სიკვდილი, რაც ცოდვის შედეგია; აღდგომით ჩვენი განახლებული სხეული და სული კვლავ შეერთდება და ღირსთათვის სამოთხისეული მდგომარეობა უფრო აღმატებული სახით დაბრუნდება.
ეს კი მეორედ მოსვლის შემდეგ აღესრულება, როცა შეიქმნება ახალი მიწა, ახალი ცა, სიკვდილი სრულად განქარდება და მარადისობაშიც ჩვენი საბოლოო დამკვიდრება მოხდება. მაგრამ ვიდრე არ დამდგარა ჟამთა აღსასრული და გარდაცვლილთა სულები თავისი უხრწნელი სხეულით შემოსვის მოლოდინში არიან, ვიდრე შესაძლებელია როგორც საკუთარი თავის, ოჯახის წევრებისა და სხვათადმი, ასევე, იმქვეყნად წასულ ჩვენს ახლობელთათვის ლოცვა და სიკეთის ქმნა, ადამიანთა გამოხსნის პროცესი ბოლომდე დასრულებული არ არის“, - აღნიშნულია პატრიარქის ეპისტოლეში.