Loading data...
პატრიარქი მის აღსაყდრებასთან დაკავშირებით ჩამობრძანებულ სხვადასხვა ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლებს შეხვდა

ამა წლის 18 მაისს უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი შიო III საპატრიარქო რეზიდენციაში შეხვდა საგანგებოდ მის აღსაყდრებასთან დაკავშირებით ჩამობრძანებულ სხვადასხვა ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლებს, - ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს. 

მათივე ცნობით, თავდაპირველად სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შეხვდა ჩეხეთისა და სლოვაკეთის მიტროპოლიტს, უნეტარეს როსტისლავს, მოგვიანებით კი უმასპინძლა მსოფლიო საპატრიარქოს, ალექსანდრიის, ანტიოქიის, მოსკოვის, სერბეთის, ბულგარეთის, საბერძნეთის, ალბანეთის, პოლონეთისა და უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიების დელეგაციებს.

შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის წევრები, საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენლები და სხვა სასულიერო პირები.

შეხვედრისას სტუმრებმა განსაკუთრებული პატივისცემით გაიხსენეს ნეტარხსენებულ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მრავალწლიანი ღვაწლი ეკლესიისა და ერის წინაშე. ასევე აღინიშნა სხვადასხვა მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენელთა საქართველოში ჩამოსვლა მისი უწმინდესობის დაკრძალვის დღეებში, რაც ძმური თანადგომისა და ერთსულოვნების განსაკუთრებულ გამოხატულებად შეფასდა.

საქართველოს ეკლესიის მეთაურმა დელეგაციის წევრებს მადლობა გადაუხადა ამ მძიმე და ისტორიულ დღეებში გამოჩენილი თანადგომისთვის, ნუგეშისა და მხარდაჭერისათვის.

თავის მხრივ, დელეგაციის წევრებმა მის უწმინდესობასა და უნეტარესობას, შიო III-ს, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ტახტზე აღსაყდრება კიდევ ერთხელ მიულოცეს და წარმატებული მსახურება უსურვეს.

საუბრისას მისმა უწმინდესობამ და უნეტარესობამ ასევე აღნიშნა, რომ მასა და მის ყოვლადუწმინდესობას, მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოს I-ს შორის შედგა გულთბილი სატელეფონო საუბარი, რომლის დროსაც მსოფლიო პატრიარქმა მას აღსაყდრება მიულოცა, ნაყოფიერი და ხანგრძლივი მსახურება უსურვა და უახლოეს მომავალში კონსტანტინოპოლში მიიწვია.

შეხვედრაზე საუბარი აგრეთვე შეეხო ოჯახის სიწმინდის დღის მნიშვნელობასა და აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებულ მსახურებაში ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების დელეგაციების მონაწილეობას. ხაზი გაესვა ამ დღის განსაკუთრებულ მნიშვნელობას, მასშტაბურობასა და სულიერ ერთობას.

შეხვედრის დასასრულს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა სტუმრებს სამახსოვრო საჩუქრები გადასცა, ხოლო დელეგაციის წევრებმა მის უწმინდესობასა და უნეტარესობას გულითადი მადლობა გადაუხადეს მასპინძლობისათვის.