პატრიარქი: ქრისტეს შობა დღესაც და მარადჟამს მოქმედი საიდუმლოა, რომელმაც საფუძველი დაუდო პიროვნების გარდაქმნის პროცესს
„ქრისტეს შობა დღესაც და მარადჟამს მოქმედი საიდუმლოა, რომელმაც საფუძველი დაუდო პიროვნების გარდაქმნის პროცესს“, - ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის პატრიარქის ილია მეორის საშობაო ეპისტოლეშია აღნიშნული.
როგორც ეპისტოლეშია აღნიშნული, ამასთან, მან ფუნდამენტურად შეარყია არსებული მდგომარეობა და მთელი ხილული სამყარო ღვთის შემწყნარებელ სივრცედ აქცია.
„თავად შემოქმედმა მიიღო თავისი ქმნილება და უხრწნელმა შეიმოსა ხრწნადი ბუნება, რათა ხრწნადობაში თავისი უხრწნელების ძალა დაენერგა და იგი ღვთისმიერი სიცოცხლისთვის ეზიარებინა.
ამით კი ჩვენი არსებობის ჭეშმარიტი აზრი და დანიშნულება გამობრწყინდა, მოეხსნა კრეტსაბმელი იმ რეალობებს:
რომ სიკვდილი და ხრწნილება არაა ჩვენი ბუნების არსი;
რომ ჩვენ ზეცის სიმაღლეებისა და მარადიული ცხოვრებისათვის ვართ მოწოდებულნი;
რომ ღვთის ჭეშმარიტი სიყვარული და ადამიანისადმი ჩვენი ნამდვილი სიყვარული განუყოფელია;
რომ ამ ურთიერთობაში უნდა დაიბადოს ახალი ცხოვრება, რომელიც კაცობრიობას მშვიდობის, ერთობისა და განახლებისკენ მოუწოდებს;
და რომ ღვთის განკაცების საიდუმლოს მიღმა უკვე ვეღარაფერი დარჩება: ვერც წარსული, ვერც აწმყო და ვერც მომავალი!“, - აღნიშნულია ეპისტოლეში.