Loading data...
პარლამენტის დროებითი კომისია მედიკამენტების სექტორის შესწავლას იწყებს

სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისია მედიკამენტების სექტორის შესწავლას იწყებს.

დღეს საკანონმდებლო ორგანოში ფარმაცევტული საშუალებების ადგილობრივ მწარმოებლებთან შეხვედრა გაიმართება, სადაც მედიკამენტების ბაზრის სტრუქტურის, ფასწარმოქმნის ჯაჭვის და სექტორის საოპერაციო პროცესებს განიხილავენ.

კომისიის სხდომა პარლამენტში 12:00 საათზეა ჩანიშნული.

როგორც კომისიის წევრები აცხადებენ, 2023 წელს ამოქმედებული რეფერენტული ფასების პროგრამის შედეგად, დაახლოებით 7500 მედიკამენტის ღირებულება მნიშვნელოვნად შემცირდა და მოქალაქეებისთვის მათი ხელმისაწვდომობა გაიზარდა, თუმცა დარჩენილია 3000-მდე მედიკამენტი, რომელზეც რეფერენტული ფასები ამ ეტაპზე არ ვრცელდება და მათი რეგულირების რესურსი არსებობს.

„მედიკამენტების შემთხვევაში ფასწარმოქმნის ჯაჭვი უფრო მოკლეა. ის შედგება 2 კომპონენტისგან: პირველია მწარმოებელი იმპორტიორი, მეორე - ქსელები. მიზანია, რომ სრულყოფილად შევისწავლოთ ეს ორ კომპონენტიანი ჯაჭვი. უნდა აღინიშნოს, რომ მედიკამენტებზე არსებობს რეგულატორი და არსებობს რეგულაციები. გვინდა შევისწავლოთ რამდენად ეფექტურად მუშაობს ეს და კიდევ რა დამატებითი ნაბიჯები შეიძლება გადაიდგას“, - განაცხადა სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის თავმჯდომარე შოთა ბერეკაშვილმა.