პაატა სალია: „მსჯავრდებულთა მომზადებისა და გადამზადების ცენტრი“ სპეციალურ პენიტენციურ სამსახურთან ერთად მსჯავრდებულებს ეხმარება, შეიძინონ პროფესია, დასაქმდნენ და სასჯელის მოხდის შემდეგ სრულფასოვან წევრებად დაუბრუნდნენ საზოგადოებას
„იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებაში ფუნქციონირებს საჯარო სამართლის იურიდიული პირი - „მსჯავრდებულთა მომზადებისა და გადამზადების ცენტრი“, რომელიც პენიტენციურ დაწესებულებებში მსჯავრდებულებს პროფესიის დაუფლებაში ეხმარება, რაც ხელს უწყობს დასაქმებას“, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ისაუბრა.
მინისტრის თქმით, ცენტრი სპეციალურ პენიტენციურ სამსახურთან ერთად არაერთ აქტივობას ახორციელებს და პროცესში არაერთი ორგანიზაციაა ჩართული:
„ამ პროცესში ჩართულია ბევრი ორგანიზაცია სამოქალაქო სექტორიდან და ბიზნესიდან, ხოლო ინფორმაცია ჩვენი არხებით ვრცელდება. ჩვენ გვაქვს მაღაზია „რე-მარკეტი“ წერეთლის ქუჩაზე, სადაც მსჯავრდებულთა მიერ დამზადებული ნივთები იყიდება და მიღებული თანხა მსჯავრდებულთა ბიუჯეტს ემატება. ესეც, გარკვეულწილად, ემსახურება ცნობადობის გაზრდას, რათა მოსახლეობამ დაინახოს, რა კეთდება ქვეყანაში იმისათვის, რომ მსჯავრდებულები კანონით გათვალისწინებული სასჯელის მოხდის შემდეგ ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდნენ და საზოგადოების სრულფასოვან წევრებად იქცნენ“, - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.