Loading data...
პაატა სალია კორესპონდენციის კონფიდენციალურობის შესახებ: ადვოკატთა ასოციაციის ხელმძღვანელთან ერთად ვიმსჯელებთ, თუ როგორ დავარეგულიროთ ეს საკითხი პრაქტიკაში

„რა თქმა უნდა, ადვოკატის და მისი დაცვის ქვეშ მყოფის ურთიერთობის კონფიდენციალურობა დაცული უნდა იყოს, ამაზე ორი აზრი არ არსებობს, მაგრამ, მეორე მხრივ, არსებობს პენტენციური დაწებულების უსაფრთხოების ზომებიც ანუ უსაფრთხოების ინტერესი“, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

„როდესაც ადვოკატი შედის თავის დასაცავ პირთან და აკეთებს ჩანაწერებს, როდესაც ეს ადვოკატს გამოაქვს გარეთ, ამის კონტროლის არანაირი მექანიზმი არ არსებობს და არც უნდა არსებობდეს, მაგრამ უნდა იყოს გადამზღვევი მექანიზმი, რომელიც ხელს შეუშლის არაკეთილსინდისიერ პირს, რომ დახურულ დაწესებულებაში კომუნიკაცია არ მოახდინოს რამდენიმე პირს შორის“, - განმარტა მინისტრმა.

პაატა სალიას თქმით, იყო შემთხვევები, როდესაც კორესპონდენციის კონფიდენციალურობა გამოყენებული იყო არაკეთილსინდისიერად.

მისი განმარტებით, ამ საკითხზე მუშაობა ადვოკატთა ასოციაციის ხელმძღვანელთან ერთად გაგრძელდება.

„ორშაბათს უკვე დაგეგმილი მაქვს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარესთან შეხვედრა და ვიფიქრებთ, თუ როგორ შევცვალოთ არსებული პრაქტიკა ისე, რომ ერთის მხრივ, არ დაზიანდეს პენტენციური დაწესებულების უსაფრთხოება და, მეორეს მხრივ, არ დაზიანდეს ადვოკატისა და კლიენტის ურთიერთობა... ჩვენ არ გვინდა ადვოკატის უფლება შევლახოთ და გვინდა, რომ ვიპოვოთ ოქროს შუალედი, გამოსავალი, რომელიც არც ადვოკატთა უფლებას შელახავს, მაგრამ არც უსაფრთხოებას დააზიანებს“.