Loading data...
პაატა სალია: ის ადამიანები ცდილობენ ისევ სიტუაციის არევას, ვინც იმ ძალადობრივი სისტემის შემოქმედი იყო - კიდევ ერთხელ კატეგორიულად ვამბობთ: ჩვენი მმართველობის პერიოდში სიტუაცია სტაბილურია ციხეებში და ყოველთვის ექვემდებარება მართვას

„არანაირი ბუნტი არსად არ ყოფილა, ჩვენი მმართველობის პერიოდში ციხეებში ადამიანის ღირსება, ადამიანის უფლებები დაცულია, მაგრამ ასევე დაცულია უსაფრთხოება, ასევე დაცულია ის, რომ ვერავინ ვერ შეძლოს ამ ცრუ ნარატივებით ქვეყანაში ისევ არეულობის გამოწვევა“, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

მინისტრის თქმით, მნიშვნელოვანია, დღევანდელი მონაცემები შედარდეს 2012 წელთან, რადგან ცდილობენ წარმოაჩინონ, თითქოს ციხეებში დღესაც იგივე სიტუაციაა, რაც მაშინ იყო.

„ციხეში რაღაც მოქმედებების გამო მოხდა აქტუალიზაცია თემის, თითქოს გრძელდება ადამიანების მიმართ არასათანადო მოპყრობა, წამება, გაუპატიურება და ა.შ. ამას, სავარაუდოდ, თავისი ორგანიზატორი ჰყავს და ეს ჩანს. მე ვერავის პირდაპირ ხელს ვერ დავადებ, მაგრამ შემიძლია, პოლიტიკური შეფასება გავაკეთო, რომ ამ ყველაფრის უკან დგანან ისევ ის ძალები, ვინც თავის დროზე იმ სისტემის შემოქმედი იყო... ეს მოცემულობა რომ არ იყოს, აღარც არავინ გაიხსენებდა 2012 წლამდე მდგომარეობას, მაგრამ სწორედ ის ძალების ცდილობენ დღეს ციხეში სიტუაციის არევას და ამის შემდგომ ქვეყანაში არეულობის გამოწვევას... ამიტომ კიდევ ერთხელ კატეგორიულად ვამბობთ: არანაირი ბუნტი არსად არ ყოფილა, სტაბილური სიტუაციაა... ჩვენი მმართველობის პერიოდში ადამიანის ღირსება, ადამიანის უფლებები დაცულია, მაგრამ ასევე დაცულია უსაფრთხოება, ვერავინ ვერ შეძლებს ამ ცრუ ნარატივებით ქვეყანაში არეულობის გამოწვევას. მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ ვინ დგას ამ მცდელობების უკან და დგანან ის ადამიანები, ვინც იმ სისტემის შემოქმედი იყო“, - განაცხადა პაატა სალიამ.