პაატა სალია გიორგი დავითაძეზე: მან არ მოგვცა საშუალება, გადაგვეყვანა კერძო კლინიკაში, რათა სათანადო შემოწმება მომხდარიყო, ჩვენ 24-საათიანი მონიტორინგის ქვეშ გვყავს პატიმარი, თუ რაიმე ოდნავ ნიშანი იქნება ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებისა, მას აუცილებლად გაეწევა შესაბამისი სამედიცინო მომსახურება
„დავითაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მას არანაირი პრობლემა მოცემულ ეტაპზე არ აღენიშნება. მოგეხსენებათ, პენიტენციური სამსახურის მიერ გუშინ გვიან ღამით გავრცელდა ინფორმაცია, რომ პატიმრის მხრიდან ადგილი ჰქონდა გაურკვეველი საგნის გადაყლაპვას. დემონსტრაციულად მან ეს განახორციელა. თუმცა, დღეს დანამდვილებით შეუძლებელია იმის თქმა, მან ნამდვილად გადაყლაპა თუ ეს იყო, უბრალოდ, მისი მხრიდან დემონსტრირება თავისი პროტესტის, რადგან მან არ მოგვცა საშუალება, გუშინ გადაგვეყვანა კერძო კლინიკაში, რათა სათანადო შემოწმება მომხდარიყო“, - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ „იმედის“ ეთერში ჩართვისას.
მინისტრის თქმით, მსჯავრდებული 24-საათაინი სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება და მისი ჯანმრთელობის გაუარესების შემთხვევაში მყისიერად გაეწევა სამედიცინო დახმარება.
„ჩვენ 24-საათიანი მონიტორინგის ქვეშ გვყავს აღნიშნული პატიმარი. სამედიცინო პერსონალი მას აკვირდება და თუ რაიმე ოდნავ ნიშანი იქნება ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებისა, მას აუცილებლად გაეწევა შესაბამისი სამედიცინო მომსახურება. სახალხო დამცველის წარმომადგენლებმაც დაადასტურეს, რომ მის ჯანმრთელობას არანაირი საფრთხე არ აღენიშნება მოცემულ ეტაპზე“, - განაცხადა პაატა სალიამ.
იუსტიციის მინისტრის განცხადებით, პენიტენციური დაწესებულება არც ერთი პატიმრის გამოხატვის თავისუფლებას არ ზღუდავს და ეს დღევანდელი ხელისუფლების დამსახურებაა.
„დღევანდელი ხელისუფლების მთავარი დამსახურება არის ის, რომ ჩვენ არ ვზღუდავთ არავის გამოხატვის თავისუფლებას პენიტენციურ დაწესებულებაში. პროტესტის უფლება აქვს ყველას - მაგრამ ის არ უნდა გადაიზარდოს კანონდარღვევაში“, - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა