Loading data...
პაატა სალია: დღეს ჩვენი პენიტენციური სისტემა არის ერთ-ერთი მოწინავე რეგიონში და ამაზე მეტყველებს არა მარტო ჩვენი, არამედ საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებები

„დღეს ჩვენი პენიტენციური სისტემა არის ერთ-ერთი მოწინავე რეგიონში და ამაზე მეტყველებს არა მარტო ჩვენი, არამედ საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებები“, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

მინისტრის თქმით, საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვნებში ბევრი პოზიტივი წერია, ხოლო გადატვირთულობის სტატისტიკა ან სიკვდილიანობის მაჩვენებელი საქართველოში ევროკავშირის ბევრ ქვეყანაზე ნაკლებია.

„იქ, სადაც საუბარია რაღაც პრობლემებზე, ვთქვათ გადატვირთულობის თვალსაზრისით და ა.შ. ამასთან ერთად, ძალიან ბევრი პოზიტივია ამ დასკვნებში და როცა ვკითხულობთ, ეს პოზიტივებიც უნდა ვნახოთ. ის ორგანიზაციები არ ადარებენ დღევანდელ მოცემულობას 2012 წლამდელს, ისინი ხელმძღვანელობენ დადგენილი სტანდარტებით და დიდწილად, ძალიან დიდი პროცენტით, ჩვენი სასჯელაღსრულების სისტემა შეესაბამება საერთაშორისო დონეზე დანერგილ უმაღლეს სტანდარტებს. გადატვირთულობის სტატისტიკური მონაცემები რომ ავიღოთ, ჩვენზე უფრო დიდია საფრანგეთში, იტალიაში, სუიციდის მაჩვენებელი; სიკვდილიანობა უფრო დიდია ევროკავშირის ბევრ ქვეყანაში არსებულ სისტემებში. ბევრი მიმართულებით შეიძლება ჩვენი მაჩვენებელი გაცილებით უკეთესი იყოს და ეს არის კონკრეტული ობიექტური მოცემულობა, როცა არსებულ სტანდარტებს ვადარებთ,“ - განაცხადა პაატა სალიამ.