Loading data...
ოთარ გრიგოლია: ეს იყო ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი 8 წელი, ბედნიერი ვარ, რომ მომეცა შესაძლებლობა დედაქალაქისთვის ბევრი სასიკეთო საქმის კეთების მონაწილე ვყოფილიყავი

„მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს პოლიტიკურ გუნდს და პირადად კახა კალაძეს იმისთვის, რომ მომეცა შესაძლებლობა ვყოფილიყავი საკრებულოს წევრი და მასთან ერთად ძალიან ბევრი სასიკეთო საქმე გამეკეთებინა“,- ეს განცხადება თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ოთარ გრიგოლიამ თბილისის საკრებულოში მიმდინარე მეშვიდე მოწვევის ბოლო სხდომაზე გააკეთა.

როგორც ოთარ გრიგოლიამ განაცხადა, ადგილობრივი თვითმმართველობისა და დედაქალაქისთვის „ქართული ოცნების“ გუნდმა ძალიან ბევრი გააკეთა.

ოთარ გრიგოლიამ თანამშრომლობისთვის მადლობა საკრებულოს თავმჯდომარეს, ზურაბ აბაშიძესაც გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ მომავალი მოწვევის საკრებულოს მუშაობა კიდევ უფრო წარმატებული იქნება.

„ეს იყო ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი 8 წელი. ბედნიერი ვარ, რომ მომეცა შესაძლებლობა დედაქალაქისთვის ბევრი სასიკეთო საქმის კეთების მონაწილე ვყოფილიყავი. მადლობა პირადად კახა კალაძეს და პრემიერ მინისტრ ირაკლი კობახიძეს, რომლებმაც მომცეს შესაძლებლობა მემსახურა ქვეყნისთვის. მადლობას ვუხდი თბილისის მერიის საქალაქო სამსახურების წარმომადგენლებს, რომლებიც დედაქალაქისთვის 24 საათიან რეჟიმში მუშაობენ“,- განაცხადა ოთარ გრიგოლიამ.

ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ თავის გამოსვლაში საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარეზე, გიორგი ტყემალაძეზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ მისი მუშაობა დედაქალაქის საკრებულოში ძალიან მნიშვნელოვანი და წარმატებული იყო.

ოთარ გრიგოლიამ ოპოზიციის შესახებაც ისაუბრა და განაცხადა, რომ უკეთესი იქნებოდა, ოპოზიციის წევრებს ჰქონოდათ იმის ვაჟკაცობა, რომ საკრებულოში თავისი ამომრჩევლების ხმა ყოფილიყვნენ. თუმცა, ოთარ გრიგოლიას თქმით, სამწუხაროდ, ეს ასე არ იყო.

გამოსვლის ბოლოს ოთარ გრიგოლიამ მადლობა საკრებულოს აპარატის წევრებსაც გადაუხადა და მომავალი მოწვევის საკრებულოს წარმატებები უსურვა.

„ძალიან გგულშემატკივრობთ და მინდა, თქვენი მუშაობა კიდევ უფრო წარმატებული იყოს. დარწმუნებული ვარ, ეს ასეც იქნება, რადგან მომავალ მოწვევაში ძალიან ღირსეული წარმომადგენლები არიან“,- განაცხადა ოთარ გრიგოლიამ.