Loading data...
ნინო თანდილაშვილი გაეროს გარემოსდაცვითი ასამბლეის მერვე სესიის ვიცე-პრეზიდენტად, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების წარმომადგენლად მეორე ვადით აირჩიეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნინო თანდილაშვილი გაეროს გარემოსდაცვითი ასამბლეის მერვე სესიის (UNEA-8) ვიცე-პრეზიდენტად, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების წარმომადგენლად მეორე ვადით ერთხმად აირჩიეს. ინფორმაციას სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, გადაწყვეტილება კენიის რესპუბლიკაში მიმდინარე UNEA-7-ის ფარგლებში მიიღეს.

„ჩემთვის დიდი პატივია, საქართველოს სახელით მეორე ვადით არჩეული ვიყო გაეროს უმაღლეს პლატფორმაზე, რომელიც გლობალურ დონეზე განსაზღვრავს გარემოს დაცვის დღის წესრიგს. ვიცე-პრეზიდენტის რანგში ჩემი ქვეყნისა და რეგიონის სახელით მაქსიმუმს გავაკეთებ, რათა გაეროს უმაღლეს პლატფორმაზე ისმოდეს ის პრიორიტეტები, რაც ჩვენ გვაქვს გარემოს დაცვისა და ეკოსისტემების მდგრადი მართვის მიმართულებით“, - განაცხადა ნინო თანდილაშვილმა.

უწყების ინფორმაციით, გაეროს გარემოსდაცვითი ასამბლეის მეშვიდე სესიის (UNEA-7) ფარგლებში, რომელიც კენიის რესპუბლიკაში, ნაირობიში გაიმართა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნინო თანდილაშვილი UNEA-7-ის ვიცე-პრეზიდენტის რანგში ასამბლეის პლენარულ სესიებს თავმჯდომარეობდა. ნინო თანდილაშვილმა მონაწილეობა მიიღო სხვადასხვა პანელურ დისკუსიასა და კომიტეტების საქმიანობაში.