Loading data...
ნინო ლაცაბიძე: მადლობა მინდა ვუთხრა პრემიერ მინისტრ ირაკლი კობახიძეს, იმ შესაძლებლობისთვის, რომელიც დღეს, ჩვენს ქალაქს აქვს, ახალგაზრდობის ახალი სასახლის სახით

რუსთავში ახალგაზრდობის ახალი სასახლე გაიხსნა. გასული საუკუნის 60-იან წლებში დაარსებული მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ადგილზე, ძველის ავთენტური არქიტექტურის, 1800 კვადრატული მეტრი ფართობის, სამსართულიან ახალ შენობას ახალგაზრდები, უკვე, დღეიდან მიიღებენ.

ახალგაზრდობის სასახლის ახალი შენობა, რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ, საქართველოს პარლამენტში რუსთავის დელეგატ ირაკლი შატაკიშვილთან და ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ გიორგი დოხტურიშვილთან ერთად გახსნა.

ღონისძიებას ახალგაზრდობის სააგენტოს ხელმძღვანელი ვახტანგ ბააკაშვილი, რუსთავის მერიის, საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები, რუსთაველი ახალგაზრდები და ახალგაზრდობის სასახლის პედაგოგები ესწრებოდნენ. ნინო ლაცაბიძემ, რუსთავის მერიის ახალგაზრდული პოლიტიკისა და სასახლის ახალი კონცეფციის პრეზენტაცია, გუნდთან ერთად წარადგინა.

„პრემიერ მინისტრ ირაკლი კობახიძეს მადლობა მინდა ვუთხრა იმ შესაძლებლობისთვის, რომელიც დღეს, ჩვენს ქალაქს აქვს, ახალგაზრდობის სასახლის სახით. ამ სრულიად ახალ შენობაში, ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა, სწორედ ახალგაზრდებთან ერთად, დაგვეგეგმა ის სერვისები, რომელიც ორიენტირებულია მათ განვითარებაზე და წარმატებაზე. დარწმუნებული ვარ, რომ სწორედ ამ შენობიდან დაიწყება ჩვენი ახალგაზრდების წარმატებული გზა.

ჩვენი გუნდი ვაგრძელებთ მუშაობას ახალ პროექტებზე იმისთვის, რომ რუსთავის განვითარება შეუქცევადი იყოს,“- განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ. ახალგაზრდობის სასახლის შენობასთან ერთად, სრულად განახლებულია მოსწავლე-ახალგაზრდობის ძველი ცენტრის შინაარსობრივი მხარეც. სასახლის ახალი კონცეფცია, ახალგაზრდების ინტერესებზე მორგებული და მულტიდისციპლინურია.

საგანმანათლებლო ცენტრი საკლუბო პრინციპით იმუშავებს და რუსთაველ ბავშვებს, აქ მენტალური არითმეტიკის, ლეგო-რობოტიკის, საბუნებისმეტყველო მეცნიერებების შესწავლის და ლაბორატორიული დაკვირვების, ხატწერის, კალიგრაფიის, მხატვრობის, ქორეოგრაფიის და თეატრალური ხელოვნების შესწავლის შესაძლებლობა ექნებათ. იმუშავებს სააბიტურიენტო პროგრამები.

„ახალგაზრდობის სასახლის ახალი შენობა გავხსენით დღეს. ძველი შენობის სრული დემონტაჟი განხორციელდა, ვინაიდან ამორტიზებული იყო და სრულიად ახალი, ევროპული სტანდარტების შესაბამისი, ავთენტური შენობა აშენდა. აქ 2000-ზე მეტი ახალგაზრდა შეძლებს არაფორმალური განათლების მიღებას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი დოხტურიშვილმა.

რუსთავის ახალგაზრდობის სასახლე, ძველი ქალაქის ერთ-ერთ კოლორიტულ უბანში, რუსთაველის ქუჩაზეა განთავსებული, რომლის რესტავრაციის პროექტის ორი ეტაპიც, უკვე, დასრულებულია. ახალგაზრდობის სასახლის ახალი იერსახე, სრულად შეესაბამება ძველი ქალაქის არქიტექტურულ სტილს. ახალგაზრდობის სასახლე, სადაც არაერთი თაობა გაიზარდა, თანამედროვე და მულტიდისციპლინური შინაარსით, კიდევ ერთი შესაძლებლობა იქნება რუსთაველებისთვის.

„დღეს, გამორჩეული დღეა რუსთაველებისთვის, გაიხსნა მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლე, ადგილი, რომელთანაც თითოეულ რუსთაველს ემოციური კავშირი აქვს. ძველი სასახლის ინფრასტრუქტურა სრულ რეაბილიტაცია-მოდერნიზაციას საჭიროებდა და ნულიდან, სრულიად ახალი ინფრასტრუქტურა შეიქმნა, რომელიც ძველი შენობის არქიტექტურის ავთენტურია“, - განაცხადა პარლამენტარმა ირაკლი შატაკიშვილმა.

რუსთავის ახალგაზრდობის სასახლის საგანმანათლებლო პროგრამებში ჩართვა ონლაინ რეგისტრაციით ხდება და სხვადასხვა დისციპლინებზე უკვე 500-მდე ახალგაზრდა დარეგისტრირდა.