Loading data...
ნინო ჯელაძემ გლობალური ფინანსებისა და ტექნოლოგიების ქსელის მაღალი დონის დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა ნინო ჯელაძემ ტაილანდში, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წლიური შეხვედრების ფარგლებში, გლობალური ფინანსებისა და ტექნოლოგიების ქსელის (GFTN) მიერ ორგანიზებულ მაღალი დონის მრგვალ მაგიდაში მიიღო მონაწილეობა.~მრგვალი მაგიდის ფარგლებში ნინო ჯელაძემ ყურადღება გაამახვილა კიბერუსაფრთხოების რისკებზე, თაღლითობის პრევენციის მექანიზმებზე, ბიზნესის უწყვეტობის მნიშვნელობასა და ფინანსური სექტორის მედეგობის გაძლიერებაზე.

როგორც ნინო ჯელაძემ აღნიშნა, მყისიერი გადახდების გარემოში, როდესაც ტრანზაქციები წამებში სრულდება, თაღლითობის დროული გამოვლენისთვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ავტომატიზებული მონიტორინგის სისტემები, რეალურ დროში რისკების შეფასება და საეჭვო ტრანზაქციების იდენტიფიცირება. ამ პროცესში ხელოვნურ ინტელექტს მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლია, თუმცა მისი განვითარება თაღლითობის ახალი მეთოდების გაჩენის რისკსაც ზრდის.

ნინო ჯელაძის განცხადებით, საქართველოს ეროვნული ბანკი მხარს უჭერს ინოვაციური, სწრაფი და ეფექტიანი საგადახდო სისტემების განვითარებას. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ ტექნოლოგიურ პროგრესს თან ახლდეს უსაფრთხოების სტანდარტების გაძლიერება და ფინანსური ინსტიტუტების მედეგობის უზრუნველყოფა.

„საგადახდო სისტემა არ არის ნამდვილად ეფექტიანი, თუ ის სწრაფია, მაგრამ მისი ნდობა შეუძლებელია. სწორედ ამიტომ, სისწრაფე, უსაფრთხოება და მედეგობა ერთმანეთის პარალელურად უნდა ვითარდებოდეს“, - აღნიშნა ნინო ჯელაძემ.

GFTN-ის მაღალი დონის მრგვალი მაგიდის დისკუსია პოლიტიკის, კაპიტალისა და ტექნოლოგიების დაკავშირებას, ფინანსური სექტორის განვითარებისა და თანამედროვე საგადახდო ეკოსისტემის წინაშე არსებული გამოწვევების განხილვას ისახავდა მიზნად.