Loading data...
ნიკოლოზ ბენიაიძე: დარგობრივი საბჭო ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან სწორედ ამ ფორმატში ხდება სექტორის პრობლემების პირდაპირი კომუნიკაცია სამინისტროსთან

საქართველოში მარცვლეულის მოსავლის აღების პროცესი ფაქტობრივად დასრულებულია. „მარცვლეულის მწარმოებელთა ასოციაციის“ ხელმძღვანელის ნიკოლოზ ბენიაიძის განცხადებით, ფერმერების უმრავლესობამ მოსავლის აღების სამუშაოები უკვე დაასრულა და მარცვლეული დაბინავებულია.

„ამ პერიოდისთვის მოსავლის აღება, ფაქტობრივად, დასრულებულია. რამდენიმე ფერმერს შეიძლება დარჩენილი ჰქონდეს მცირე ფართობები, თუმცა მათი რაოდენობა მინიმალურია. უნდა ითქვას, რომ მოსავალი უკვე დაბინავებულია - როგორც ქერი, ისე ხორბალი“, - აღნიშნა ნიკოლოზ ბენიაიძემ.

მოსავლის აღების პროცესის დასრულების პარალელურად, მარცვლეულის სექტორის წარმომადგენლები მინისტრთან არსებულ დარგობრივ საბჭოში სექტორში არსებულ გამოწვევებზე მსჯელობენ. ნიკოლოზ ბენიაიძის განცხადებით, აღნიშნული ფორმატი მნიშვნელოვანია სექტორის წარმომადგენლებსა და სამინისტროს შორის პირდაპირი კომუნიკაციისთვის.

„დარგობრივი საბჭო ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან სწორედ ამ ფორმატში ხდება სექტორის პრობლემებზე პირდაპირი კომუნიკაცია სამინისტროსთან. განსაკუთრებით ყურადღება ექცევა პირველად წარმოებას და ფერმერულ მეურნეობებს. ახლა საჭიროა ისეთი გადაწყვეტილებების მიღება, რომლებიც ერთდროულად დაიცავს ადგილობრივ წარმოებას, არ დააზარალებს მომხმარებელს და საშუალებას მისცემს ფერმერს, გააგრძელოს საქმიანობა“, - განაცხადა ნიკოლოზ ბენიაიძემ.