„ნაცმოძრაობის“ რეჟიმის მსხვერპლის გიორგი ავალიშვილის და გიული ავალიშვილი - ჩემი ძმა ისეთ მდგომარეობამდე იყო მისული, მისი გადარჩენა არ შეიძლებოდა, როცა მითხრეს, არ არის პატიმარი ადგილზეო აღმოჩნდა, რომ ჩემი ძმა მორგში იყო, რომ აუყვანიათ პატიმრები გაკვირვებულები ყოფილან, შენ ისევ ცოცხალი ხარო?

„ჩემი ძმა ისეთ მდგომარეობამდე იყო მისული, რომ მისი გადარჩენა არ შეიძლებოდა. 2011 წლის 24 ნოემბერს ისეთი ავადმყოფი იყო, რომ პირდაპირ ღუდუშაურის კლინიკაში გადაიყვანეს,“- განაცხადა „ნაცმოძრაობის“ რეჟიმის მსხვერპლის გიორგი ავალიშვილის დამ გიული ავალიშვილმა პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე.
ავალიშვილი მორგში ყოფნის პერიოდზე მისი ძმის მონათხრობს იხსენებს.
„ორი დღე ჰყავდათ იქ, ჩაუტარეს მკურნალობა, გამოკვლევები. არაფრის მჯეროდა, ვითხოვდი საბუთებს. კი მაძლევდნენ ქაღალდებს, მაგრამ მაშინ დავრწმუნდი, რომ იქ არაფერი სიმართლე არ ეწერა. მერე ისევ დააბრუნეს სამკურნალო დაწესებულებაში, მაგრამ ამ პერიოდში მოხდა ძალიან დიდი რამ ჩემი ძმის თავს. როცა გამოვიყვანეთ თქვა, ბევრი მაქვს მოსაყოლიო და მხოლოდ ეს მოასწრო რომ მოეყოლა. 30 დეკემბერს მივიტანე ტანსაცმელი. კი შეაგზავნეს, მაგრამ გავიხედე და ისევ უკან გამომიგზავნეს, არ არის პატიმარი ადგილზეო. ვინც ტანსაცმელს იბარებდა ვეკითხები, რომ რას ნიშნავს პატიმარი ადგილზე არ არის. გამოვედი, ვტირი და რა გავაკეთო არ ვიცი, ვის მივმართო, არავინ პასუხის გამცემი არ არის.
რა მდგომარეობაში უნდა ვყოფილიყავი, წამოვედი და დაველოდე მოვლენებს. არ ვიცი რა იქნებოდა და რას ველოდებოდი ისიც არ ვიცოდი. ყველაზე დიდი უბედურება ის იყო, რომ იმ დროს ჩემი ძმა მორგში იყო. როცა მომიყვა, მერე დავაკავშირე ეს ამბები ერთმანეთთან. მორგში ჩამიყვანეს და რამდენ ხანს ვიყავი იქ არ ვიციო. მერე ვიღაც შემოვიდა და სინათლე აანთოო. სინათლე რომ აინთო მე შევიშმუშნეო და ვუთხარი როდემდე უნდა ვიყო აქო. ამის შემდეგ ამოუყვანიათ მთლად შიშველი. ესეც დადასტურდა, მივხვდი იმიტომ, რომ როცა ჩემს ნაყიდ ტანსაცმელს ვაგზავნიდი, უკან ხომ ის უნდა გამოეგზავნა და შემდეგ რომ მივედი, სულ სხვა ტანსაცმელი გამომიგზავნა. რომ აუყვანიათ პატიმრები გაკვირვებულები ყოფილან, შენ ისევ ცოცხალი ხარო? და პატიმრებს მიუციათ ეს ტანსაცმელი. ამის შემდეგ შეუცვალეს საკანი. რომ მივედი სხვა საკანში დამხვდა,“- განაცხადა გიული ავალიშვილმა.