„ნაცმოძრაობის“ რეჟიმის მსხვერპლის, გიორგი ავალიშვილის და: 2012 წლის 15 მაისს დამირეკეს, გადავუვადეთ სასჯელი და წაიყვანეთო - რომ გამოუყვანიათ, ბადრაგებმა ხელით მოიტანეს, ჩემს სიძეს გამწარებულს უთქვამს, ეს ჩვენი პატიმარი არ არისო, ფაქტობრივად, „წამოიღეს“, მხოლოდ სამი დღე იცოცხლა

ჩვენ ჩავატარეთ ექსპერტიზა სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში და ჩვენი ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნა არ მიიღეს, რომელშიც ეწერა, რომ თირკმელების ტერმინალური უკმარისობა შედიოდა დაავადებების ჩამონათვალში და გადავადებაში. როცა მიხვდნენ, რომ ჩემს ძმას სააქაო პირი არ ჰქონდა და სიარულიც კი აღარ შეეძლო, თვითონ ჩაუტარეს [ ექსპერტიზა], - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის მსხვერპლის, გიორგი ავალიშვილის დამ, გიული ავალიშვილმა პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა, სადაც მისი ძმის მიმართ განხორციელებული წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტების განხილვა მიმდინარეობს.
როგორც გიული ავალიშვილი იხსენებს, როდესაც დარწმუნდნენ, რომ პატიმარს დიდხნიანი სიცოცხლის დრო არ ჰქონდა დარჩენილი, სასჯელი გადაუვადეს და სახლში გაუშვეს იმისთვის, რომ ციხეში გარდაცვლილი პატიმრების სიას არ მიმატებოდა.
მისივე თქმით, გიორგი ავალიშვილის წამოსაყვანად მისულმა ოჯახის წევრმა იგი ვერ იცნო.
„მაშინ ჰქონდათ უფლება, რომ პატრონისთვის შეეტყობინებინათ, მოდით, სადაც წავიყვანთ და რასაც გავუკეთებთ, ფული თქვენ უნდა გადაიხადოთო. მელიას კლინიკაში გულზე გადაუღეს და ფული ჩვენ გადავიხადეთ, უროლოგიის ცენტრში მიიყვანეს და იქაც ჩვენ გადავიხადეთ ფული. თვითონ რომ ჩაატარეს და დარწმუნდნენ, რომ სამხარაულმაც იგივე დასკვნა დადო, 2012 წლის 15 მაისს, საღამოს, მირეკავენ, რომ თავისუფალია, გადავუვადეთ სასჯელი და წაიყვანეთო - მაგრამ, ეს არ იყო წამოყვანა, ეს იყო წამოღება. როდესაც ჩემი სიძე მივიდა, ეზოში შემოიყვანეთ მანქანა, პირდაპირ კიბეებთან მოიყვანეთო, რომ ჩამოიყვანდნენ, პირდაპირ მანქანაში ჩაესვათ კიბეებიდან. ჩემი სიძე და ჩემი და იყვნენ იქ და რომ გამოუყვანიათ, ბადრაგებმა, ფაქტობრივად, ხელით მოიტანეს. ჩემს სიძეს რომ დაუნახავს, გამწარებულს უთქვამს, ეს ჩვენი [პატიმარი] არ არისო. პასუხი იყო, თუ არ მოგწონთ, მაშინ უკან შევაბრუნებთო. ფაქტობრივად, „წამოიღეს“, მხოლოდ სამი დღე იცოცხლა, გონზე იყო და 19-ში გარდაიცვალა. ის გამოუშვეს და იმიტომ გააკეთეს, რომ [ციხეში გარდაცვლილების] სიას არ მიმატებოდა“, - განაცხადა გიული ავალიშვილმა.