Loading data...
ნათია თურნავა უნგრეთის ახალ ელჩს შეხვდა

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა უნგრეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, პეტრა პონევაჩ-პანას შეხვდა.

გაცნობითი შეხვედრისას მხარეებმა საქართველოსა და უნგრეთს შორის არსებული ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების შესაძლებლობები განიხილეს. ხაზი გაესვა, რომ ორი ქვეყნის ცენტრალურ ბანკებს მრავალწლიანი თანამშრომლობის ისტორია აკავშირებთ.

სებ-ის პრეზიდენტმა უნგრეთის ელჩს საქართველოს ეროვნული ბანკის ძირითადი პრიორიტეტები და მიმდინარე პროექტები გააცნო.

საქართველოსა და უნგრეთის ცენტრალურ ბანკებს შორის დაგეგმილია ურთიერთგაგების მემორანდუმის (MoU) გაფორმება. აღინიშნა, რომ მემორანდუმი ორმხრივი თანამშრომლობის გაძლიერებისთვის მყარ ინსტიტუციურ ჩარჩოს შექმნის, მათ შორის, საგადახდო სისტემების, ფინანსური სერვისებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაცვლის მიმართულებით.

შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა, ასევე, განიხილეს რეგიონული თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები.

შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ უნგრეთის საელჩოს ეკონომიკური მრჩეველი დომინიკ კარი და საქართველოს ეროვნული ბანკის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელი გიორგი ედილაშვილი.