ნათია მოდებაძე: შეაჩერეთ ფაშიზმი! მოვუწოდებ ჯანდაცვის სამინისტროს, მოიკვლიოს ფაქტი და მინიმუმ ლიცენზია შეუჩეროს ვიდეოზე ასახულ „ექიმს“
თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი, ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის წევრი, ნათია მოდებაძე სოციალური ქსელით გავრცელებულ ვიდეომასალას გამოეხმაურა.
„შეაჩერეთ ფაშიზმი! შეწყვიტეთ ოჯახებში მივარდნა! შეწყვიტეთ მოხუცების ჩაგვრა და აბუჩად აგდება! მოუწოდეთ აგრესორ ადამიანებს, შეწყვიტონ ძალადობა, შეურაცხყოფა და ევროპულად გამოხატონ პროტესტი! შეეშვით ბავშვებს! და დღეს უკვე ახალი მოწოდება - შეეშვით პაციენტებს!
მე, როგორც ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი, ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის წევრი, მოვუწოდებ ჯანდაცვის სამინისტროს, მოიკვლიოს აღნიშნული ფაქტი და მინიმუმ, ლიცენზია შეუჩეროს ამ ვიდეოზე ასახულ „ექიმს“! მოვუწოდებ კლინიკას, სადაც ეს ქალბატონი მუშაობს, ბოდიში მოუხადოს საზოგადოებას მისი სახელით“, - წერს მოდებაძე სოციალურ ქსელში.
ინფორმაციისთვის, 6 დეკემბერს ერთ-ერთი მედიის ფეისბუკგვერდზე ვიდეო გავრცელდა, სადაც აღბეჭდილია სამედიცინო დაწესებულების პერსონალი (სავარაუდოდ ექთანი) რომელიც მიუთითებს, რომ „სამშობლოს მოღალატე“ პაციენტებს არასტერილური ხელთათმანით მოემსახურა.
„სამშობლოს მოღალატე პაციენტი მეკითხება ძაან ეტკინება თუ არა (არასტერილური ხელთათმანი) არა, როგორ გეკადრებათ“-, აღნიშნულია ვიდეოს ტიტრში.
საზოგადოების მკვეთრი რეაქციის შემდეგ მედიამ აღნიშნული ვიდეო ფეისბუკგვერდიდან წაშალა, თუმცა ის სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება.