„ნარჩენების ბიზნეს ასოციაცია“ საგანმანათლებლო დაწესებულებების მოსწავლეებთან აქტიურ შეხვედრებს განაგრძობს

„ნარჩენების მართვის ბიზნეს ასოციაციის“ აღმასრულებელი დირექტორი ვანო მთვრალაშვილი და ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი ირმა პატარაია სერვანტესის სახელობის გიმნაზია „აია-ჯესს“-ს შეხვდნენ.
ასოციაციის ხელმძღვანელები, ცნობიერების ამაღლების კამპანიის ფარგლებში ყოველკვირეულად ხვდებიან სხვადასხვა სკოლის მოსწავლეებს და ახალგაზრდებს ნარჩენების შემცირებასა და გადამუშავებაზე სასარგებლო ინფორმაციას აწვდიან.
„ნარჩენების მართვის ბიზნეს ასოციაციის“ ხელმძღვანელებმა საგანმანათლებლო დაწესებულებაში გარემოსდაცვით საკითხებზე დისკუსია გამართეს და მწვანე ინდუსტრიებში კარიერულ შესაძლებლობებზე, ნარჩენების მართვასთან დაკავშირებულ გამოწვევებსა ევროპულ პრაქტიკაზე ისაუბრეს.
თავის მხრივ, გიმნაზიის ეკო-კლუბის წევრებმა სტუმრებს განხორციელებულ აქტივობებზე, ნარჩენებისგან დამზადებულ ხელნაკეთ ნივთებზე, საკონკურსო პროექტებსა და კლუბის სამომავლო გეგმებზე საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს.
„ნარჩენების მართვის ბიზნეს ასოციაციის“ წარმომადგენლებმა ეკო-კლუბ „აიას ბიოლოგების“ თითოეულ წარმომადგენელს და კლუბის ხელმძღვანელს, თამარ ტურაშვილს საინტერესო შეხვედრისთვის მადლობა გადაუხადეს.
უნდა აღინიშნოს, რომ სკოლის მოსწავლეებთან შეხვედრა ცნობიერების ამაღლების კუთხით ევრო კავშირის ქვეყნებში აპრობირებულია და იქ მოქმედი მგვ ორგანიზაციები მსგავს ღონისძიებებს უწყვეტად მართავენ.
შეგახსენებთ, რომ ნარჩენების მართვის საინფორმაციო კამპანიაში ახალგაზრდების ჩართულობა აქტიურად გრძელდება.
ცნობიერების ამაღლების კამპანიის ფარგლებში ბაკურიანში, ახალგაზრდული გარემოსაცვითი კონკურსი „გარემო ნარჩენების გარეშე“ გაიმართა.
კონკურსი წელს პირველად ჩატარდა და „ნარჩენების მართვის ბიზნეს ასოციაციისა“ და დაბა ბაკურიანის საჯარო სკოლის მიერ დაფუძნდა. კონკურსმა დიდი ინტერესი გამოიწვია სკოლის მოსწავლეებსა და ეკო-კლუბის წევრებში. პროცესში ბორჯომის 12 სკოლა და წეროვნის #3 საჯარო სკოლა ჩაერთო. მონაწილეებს დიპლომი და სერტიფიკატი, ხოლო სპეციალურ ნომინაციებში გამარჯვებულებს კი ფულადი პრემიები გადაეცათ.
კონკურსი "გარემო ნარჩენების გარეშე" წელს პირველად ჩატარდა და უახლოეს პერიოდში სხვა რეგიონებსაც მოიცავს.
მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ორგანიზაცია ა(ა)იპ „ნარჩენების მართვის ბიზნეს ასოციაცია“ აქტიურად არის ჩართული საზოგადოების ცნობიერების ამაღლების კამპანიაში, რომლის ფარგლებშიც საინფორმაციო ხასიათის შეხვედრები ინტენსიურად იმართება.აღნიშნული კამპანიის ფარგლებში შეხვედრები 40 სკოლასთან გაიმართა.