მთავრობის სხდომაზე სურსათთან კონტაქტში მყოფი პლასტმასის პროდუქციის ეტაპობრივი აკრძალვის საკითხი განიხილეს
დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე პლასტმასის რეგულირების საკითხებზე იმსჯელეს. აღინიშნა, რომ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო აქტიურად მუშაობს პლასტმასის იმ პროდუქციის გამოყენების ეტაპობრივ აკრძალვაზე, რომელიც სურსათთან პირდაპირ კონტაქტშია. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
„2026 წლის 1-ელი იანვრიდან უკვე აკრძალულია გარკვეული სახის ერთჯერადი პლასტმასის ჭურჭლის წარმოება (გარდა ექსპორტის მიზნით), იმპორტი და რეალიზაცია. სამინისტრომ შეიმუშავა პლასტმასის მოხმარების შემცირების მოდელი, რომელიც ითვალისწინებს ჯანმრთელობის დაცვის, გარემოს დაცვისა და ეკონომიკური ინტერესების დაბალანსებას. აღნიშნული მოდელი უზრუნველყოფს რეგულაციების გონივრულ ვადებში დანერგვას და ხელს უწყობს როგორც ეკოლოგიურ უსაფრთხოებას, ისე კერძო სექტორის მდგრად განვითარებას. სამინისტრო რეგულარულად თანამშრომლობს კერძო სექტორთან - სასმელების მწარმოებელ კომპანიებთან, კვების ობიექტების წარმომადგენლებთან და ბიზნესასოციაციებთან.
უკვე მომზადებულია საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტი, რომლის მიხედვითაც 2026 წლის 1-ელი ივლისიდან აიკრძალება საზოგადოებრივი კვების ობიექტების მიერ მომხმარებლისთვის პლასტმასის მასალაში ან ნაკეთობაში შეფუთული ან განთავსებული სურსათის მიწოდება, ხოლო 2027 წლის 1 თებერვლიდან აიკრძალება პლასტმასის მასალაში ან ნაკეთობაში შეფუთული ან განთავსებული სურსათის წარმოება (გარდა ექსპორტის მიზნით), იმპორტი და ბაზარზე განთავსება. დადგენილება შეეხება არა მხოლოდ სასმელებს, არამედ ნებისმიერი კატეგორიის სურსათს. აკრძალვა არ გავრცელდება მზესუმზირის ზეთსა და 10 ლიტრი და მეტი მოცულობის სასმელ წყალზე.
გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ჩატარებული კვლევის მონაცემებით, საქართველოში ყოველწლიურად მოიხმარება დაახლოებით 613.5 მილიონი ერთეული ერთჯერადი პლასტმასის პროდუქცია, რაც შეადგენს დაახლოებით 3.9 - 5.9 ათას ტონას.
პლასტმასით დაბინძურება გლობალური მასშტაბის ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს. აღნიშნულიდან გამომდინარე, საერთაშორისო თანამეგობრობა აქტიურად იღებს ზომებს პლასტმასით დაბინძურების შემცირების მიზნით“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.