„მოქალაქე ლიზი თირქიამ გაავრცელა ცრუ ინფორმაცია, რომელიც მოგვიანებით, სატელეფონო საუბრისას უარყო“ - სპეციალური საგამოძიებო სამსახური განცხადებას ავრცელებს
სპეციალური საგამოძიებო სამსახური მოქალაქე ლიზი თირქიას მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება იმასთან დაკავშირებით, თითქოს სპეციალური საგამოძიებო სამსახურიდან დაუკავშირდნენ და 5 პოლიციელის თავდასხმაში და შემდგომ მიმალვაში დაადანაშაულეს.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, მსგავსი შინაარსის კომუნიკაცია გამომძიებელსა და ლიზი თირქიას შორის არ შემდგარა.
როგორც სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში განმარტავენ, გამომძიებლის მხრიდან ნამდვილად შედგა კომუნიკაცია მოქალაქე ლიზი თირქიასთან, რა დროსაც, მისი დაკავების გარემოებების და მიღებულ დაზიანებებთან დაკავშირებით გამოკითხვაზე მოსვლა შესთავაზეს.
სპეციალური საგამოძიებო სამსახური ავრცელებს აუდიოჩანაწერს, რომელშიც მათივე თქმით, ლიზი თურქი უარყოფს მანამდე მის მიერ გაკეთებულ განცხადებებს.
„საზოგადოების ინფორმირების მიზნით, გვსურს გამოვეხმაუროთ მოქალაქე ლიზი თირქიას მიერ სოციალურ ქსელში და შემდეგ მედიაში გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას, რომ თითქოს მას სპეციალური საგამოძიებო სამსახურიდან დაუკავშირდნენ და 5 პოლიციელის თავდასხმაში და შემდგომ მიმალვაში დაადანაშაულეს. ხაზგასმით, გვინდა აღვნიშნოთ, რომ მსგავსი შინაარსის კომუნიკაცია გამომძიებელსა და ლიზი თირქიას შორის არ შემდგარა და აღნიშნული ინფორმაციის გავრცელება ემსახურება სამსახურის დისკრედიტაციას და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას.
განვმარტავთ, რომ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში, 18-19 ნოემბერს, ჭავჭავაძისა და მელიქიშვილის გამზირზე აქციის მიმდინარეობის დროს სამართალდამცავების მიერ აქციის მონაწილეების მიმართ ძალის შესაძლო გადამეტების ფაქტებზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, გამომძიებლის მხრიდან ნამდვილად შედგა კომუნიკაცია მოქალაქე ლიზი თირქიასთან და შემოსული შეტყობინების საფუძველზე, დაკავების გარემოებების და მიღებულ დაზიანებებთან დაკავშირებით გამოკითხვაზე მოსვლა შეეთავაზა.
მედიაში გავრცელებული ცრუ ინფორმაციის შემდეგ, ლიზი თირქიასთან კომუნიკაციის დეტალების დაზუსტების და გამომძიებლის შესაძლო არაეთიკური ქცევის შესწავლის მიზნით, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გენერალური ინსპექციის თანამშრომელი დაუკავშირდა ლიზი თირქიას, რომელმაც სატელეფონო საუბრისას უარყო მანამდე მის მიერ გაცხადებული ტექსტი და განმარტა, რომ პოსტი სოციალურ ქსელში თავის დაზღვევის მიზნით განათავსა და საგამოძიებო ორგანოში გამოცხადების შემდეგ შეიტყო მისი დაბარების რეალური მიზეზი. ლიზი თირქია გამოიკითხა, განემარტა მისი უფლებები და შეეთავაზა სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარება. სამსახური საქმეზე ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას ახორციელებს, რომლის ფარგლებშიც საქმეში ჩართულ ყველა პირს საქმის მასალებთან წვდომის და გაცნობის შესაძლებლობას აძლევს. მედიასაშუალებას მოვუწოდებთ გადაუმოწმებელი და ცრუ ინფორმაციის გავრცელებამდე შესაბამისი კითხვებით მიმართონ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს“, - ნათქვამია განცხადებაში.
სპეციალური საგამოძიებო სამსახური სატელეფონო საუბრის ჩანაწერს ავრცელებს.