Loading data...
„მიუღებელია კონკრეტული პირების მიერ სასწავლო პროცესის ჩაშლის მიზანმიმართული მცდელობა, ისევე, როგორც ბავშვების ჩართვა პოლიტიკურ პროცესებში“ - განათლების სამინისტრო

„ვეხმიანებით სკოლის მოსწავლეების, მასწავლებლებისა და სრულიად სასკოლო საზოგადოების მიმართ განხორციელებული ფსიქოლოგიური ბულინგის კამპანიას, რომელიც ბოლო დღეების განმავლობაში სოციალური ქსელებისა და ზოგიერთი მედიასაშუალების მეშვეობით მიმდინარეობს“, - ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მიუღებელია კონკრეტული პირების მიერ სასწავლო პროცესის ჩაშლის მიზანმიმართული მცდელობა, ისევე, როგორც ბავშვების ჩართვა პოლიტიკურ პროცესებში.

სამინისტრო ყველას მოუწოდებს, არ დაარღვიონ მოსწავლეთა უფლებები, არ შეუშალონ ხელი სკოლების ფუნქციონირებას და საგაკვეთილო პროცესის ჩვეულ რეჟიმში წარმართვას.

„გვსურს საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ კონკრეტული პირები ზეწოლას ახდენენ სკოლებზე – ისინი იჭრებიან საგანმანათლებლო დაწესებულებების ტერიტორიაზე და მოუწოდებენ დირექციას, მასწავლებლებსა და მოსწავლეებს გაფიცვისკენ, აღვივებენ შუღლს ახალგაზრდებს შორის. მსგავსი ქმედება არღვევს არასრულწლოვანთა ზოგადი განათლების მიღების კონსტიტუციურ უფლებას და ქმნის ნიადაგს ძალადობრივი გარემოსთვის.

დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, სკოლებში შეუფერხებლად წარიმართოს სასწავლო პროცესი, რათა უზრუნველყოფილი იყოს მოსწავლეებისთვის განათლებაზე ხელმისაწვდომობა და დაცული იყოს თითოეული ბავშვის უსაფრთხოება, უფლებები და ინტერესები.

ჩვენთვის ყველა მოსწავლე თანაბრად მნიშვნელოვანია. მიუღებელია კონკრეტული პირების მიერ სასწავლო პროცესის ჩაშლის მიზანმიმართული მცდელობა, ისევე, როგორც ბავშვების ჩართვა პოლიტიკურ პროცესებში.

ბავშვის უფლებათა დაცვის ფუძემდებლურ პრინციპს მისი საუკეთესო ინტერესის უპირატესად გათვალისწინება წარმოადგენს. აღნიშნული პრინციპი ყველა პირს ავალდებულებს, დაიცვას ბავშვის კეთილდღეობა, უსაფრთხოება, ჯანმრთელობა, მისი განათლების, განვითარების, საზოგადოებრივი, ზნეობრივი და სხვა ინტერესები. ჩვენი ვალდებულებაა, ბავშვებმა განათლება მიიღონ უსაფრთხო, დისკრიმინაციისგან თავისუფალ გარემოში, სადაც ისინი არ დაექვემდებარებიან რაიმე ფორმის ფსიქოლოგიურ ზეწოლას.

სწორედ ამიტომ, თითოეული ბავშვის უფლებათა ეფექტიანი დაცვის და მათი საუკეთესო ინტერესების გათვალისწინების მიზნით, მოგიწოდებთ ყველას: ნუ დაარღვევთ მოსწავლეთა უფლებებს, ნუ შეუშლით ხელს სკოლების ფუნქციონირებას და საგაკვეთილო პროცესის ჩვეულ რეჟიმში წარმართვას“, - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.