Loading data...
მიმდინარე წელს მთაწმინდის რაიონში განხორციელებული პროგრამებისა და პროექტებისთვის 24 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა

მთაწმინდის რაიონის გამგებელმა, დავით კირკიტაძემ 2025 წელს განხორციელებული მნიშვნელოვანი პროექტები და პროგრამები შეაჯამა.

წლის განმავლობაში სხვადასხვა მიმართულებით შესრულებული სამუშაოებისთვის 24 054 468 ლარი დაიხარჯა.

წლიური ანგარიშის პრეზენტაციას თბილისის მერის მოადგილე კახა აბულაძე დაესწრო.

როგორც ინფრასტრუქტურულ პროექტებზე საუბრისას აღინიშნა, მიმდინარე წელს მთაწმინდის რაიონში კაპიტალურად შეკეთდა და რეაბილიტირდა 23 730 კვ.მ ფართობის გზის საფარი, აქედან შემოერთებულ ტერიტორიებზე კაპიტალურად შეკეთდა 10 ქუჩა.

წლის განმავლობაში აშენდა გრუნტის დამჭერი 4 კედელი, სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურული სამუშაოები 143 მისამართზე შესრულდა, 48 მისამართზე სკვერებსა და სპორტულ მოედნებზე აღდგენითი სამუშაოები, ხოლო გამწვანებისა და მცენარეთა მოვლა-პატრონობის სამუშაოები 403 მისამართზე ჩატარდა.

„ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, 2025 წელს 129 პროექტი განხორციელდა. მათ შორის, კაპიტალურად გამაგრდა 3 ავარიული საცხოვრებელი სახლი, 35 მისამართზე სახლის სახურავი შეიცვალა, ხოლო წყალარინების ქსელი 20 მისამართზე განახლდა.

გარდა ამისა, მოსახლეობის ჩართულობით, გაიმართა სხვადასხვა სახის კულტურული, სპორტული და საგანმანათლებლო ღონისძიებები.

პრეზენტაციაზე დავით კირკიტაძემ 2026 წელს დაგეგმილ მნიშვნელოვან პროექტებზეც ისაუბრა. მისი თქმით, იგეგმება ბიუჯეტის ზრდა, რაც უფრო მასშტაბური პროექტების განხორციელების შესაძლებლობას გააჩენს.

რაიონის გამგებელმა ადგილობრივ მოსახლეობას ჩართულობისთვის და სახელმწიფო უწყებებს თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა.

ღონისძიებას, ასევე თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ აბაშიძე და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.