Loading data...
მიხეილ სარჯველაძე: როდესაც ამხელა ეკონომიკური, ფინანსური და კომერციული ინტერესები ერთვება საკითხში, რისკების დაზღვევა გაათმაგებულად რთულდება, სწორედ ამიტომ რეგულაციასა და აკრძალვას შორის არჩევანისას უპირატესობა აკრძალვას უნდა მიანიჭო

ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ გადაცემაში „დღის ქრონიკა“ სუროგაციის სფეროს სამართლებრივ, სამედიცინო და ეთიკურ რისკებზე ილაპარაკა.

მისი თქმით, რისკებს შორისაა ბიოლოგიური მასალის მიკვლევადობის და კონტროლის მექანიზმების საკითხიც.

მინისტრის განცხადებით, საქართველოში ეს სფერო ძირითადად ეკონომიკურ და კომერციულ საქმიანობად არის ქცეული, რაც რისკების მართვას კიდევ უფრო ართულებს.

მისი შეფასებით, სწორედ ამ გარემოებების გათვალისწინებით, სუროგაციის რეგულირებასა და აკრძალვას შორის არჩევანის გაკეთებისას უპირატესობა აკრძალვას უნდა მიენიჭოს.

„უშუალოდ ფიზიკურად ვინც შობს ბავშვს, ამ შემთხვევაში მას არ უნდა ჰქონდეს მშობლის უფლებები გაჩენილ ბავშვთან მიმართებით. ამ უფლების მატარებლები არიან სხვა ადამიანები და ამ შემთხვევაში, ამ საკითხების რეგულირების სფეროში, დაწყებული ბიოლოგიური მასალის კუთვნილებიდან, ყველა ამ ურთიერთობის მოწესრიგებით, რომელიც დაკავშირებულია სუროგაციასთან, არის ძალიან სერიოზული რისკების მატარებელი.

პირველი, ეს უკავშირდება უცხოელების საკითხს. უცხოელი, შერეული ოჯახები - ყველა შემთხვევაში უმკაცრესი რეგულირება სჭირდება, მაგრამ მაინც შეიძლება პრობლემატური რჩებოდეს ბიოლოგიური მასალის მიკვლევადობა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემა. პირველი მანიპულაციიდან ბოლომდე ზუსტად უნდა ვიცოდეთ, როგორ წარიმართება ურთიერთობა. ეს არათუ რთულად დასარეგულირებელია, არამედ ბევრ შემთხვევაში შეიძლება ბევრ მორალურ დილემას ბადებდეს.

მეორე, ეს დაკავშირებულია კონტროლის მექანიზმების ძალიან სერიოზულ პრობლემასთან. რა თქმა უნდა, დღეს შეუძლებელია ყველაფრის ჩაკეტვა და სიმულაციების დიდი რისკი არსებობს ყოველ კონკრეტულ მონაკვეთზე ამ მანიპულაციების ჩატარებისას. სიმულაციაში ვგულისხმობ ფიქციური ქორწინებიდან დაწყებულ, ბიოლოგიური მასალის მიკვლევადობასთან დაკავშირებულ პრობლემებს.

საქართველოში დღეს მედიცინის ამ დარგს, სამწუხაროდ, მხოლოდ ინდუსტრიული განვითარება აქვს, ეკონომიკური საქმიანობაა და ამაში სხვა არაფერი უნდა დავინახოთ და აღმოვაჩინოთ. როდესაც ამხელა ეკონომიკური, ფინანსური და კომერციული ინტერესები ერთვება საკითხში, რასაკვირველია, რისკების დაზღვევა გაათმაგებულად რთულად დასაცავია და ეს არის კიდეც მიზეზი, რის გამოც, რეგულაციასა და აკრძალვას შორის გადაწყვეტილების მიღებისას, ბუნებრივია, უპირატესობა უნდა მიანიჭო ამ ფაქტორს“, - აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა.

ცნობისთვის, „ქართულმა ოცნებამ“ საქართველოში სუროგაციის აკრძალვის გადაწყვეტილება მიიღო.