Loading data...
მიხეილ სარჯველაძე: ფსიქოტროპული მედიკამენტის ფასი 12-ჯერ შემცირდა, საქმე გვაქვს ფასის კლებასთან და არა ხარისხის

„როდესაც საუბარია წამალზე და სამკურნალო საშუალებებზე, ბუნებრივია, ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი თემაა და სამართლიანია, რომ როგორც ხარისხის, ისე ფასის კუთხით იყოს ისეთი რეჟიმი, რომელიც მოქალაქეებისთვის ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს“, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, რომ მედიკამენტების დიდ ნაწილზე უკვე მოქმედებს რეფერენტული ფასწარმოქმნის მექანიზმი.

დღეს გამართულ სამთავრობო საკოორდინაციო კომისიის სხდომაზე, სექტორის წარმომადგენლებთან ერთად, სწორედ აღნიშნული მექანიზმის ეფექტიანობაზე, ასევე ფასების რეგულირების სხვა პრეპარატებზე გავრცელების შესაძლებლობებზე იმსჯელეს.

„ფაქტია, რომ რეფერენტული ფასები ამ დრომდე მუშაობს. ისე როგორც ბევრ განვითარებულ სახელმწიფოში, საქართველოშიც დანერგილია და მოიტანა დადებითი შედეგი. დაახლოებით 7000 დასახელების მედიკამენტებზე რეფერენტული ფასი უკვე განსაზღვრულია და მოქმედებს. ეს ცოცხალი პროცესია.

ფარმაცევტული სექტორის გამოხმაურება კონსტრუქციული და ნორმალური იყო. რა საკვირველია ყველას კარგად ესმის, რომ ერთ-ერთი უპირველესი მექანიზმი ფასების რეგულირებისთვის, სწორედ რეფერენტული პოლიტიკის გატარებაა. ამაზე იყო საუბარი და სექტორს აქვს განწყობა, რომ აღნიშნულმა მიდგომამ შეიძლება იმუშაოს სხვა მედიკამენტებთან მიმართებითაც“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

მინისტრმა ყურადღება გაამახვილა მედიკამენტების ხარისხის საკითხზეც და აღნიშნა, რომ ფასების რეგულირება ხარისხის კონტროლის გარეშე ვერ იქნება ეფექტიანი.

მისი თქმით, სახელმწიფოსთვის პრიორიტეტულია, რომ ბაზარზე მოხვედრილი ნებისმიერი მედიკამენტი ხარისხობრივ სტანდარტებს აკმაყოფილებდეს.

„ხარისხის კონტროლის მიმართულებით მნიშვნელოვანია მინიმალური სტანდარტების მკაცრად დაცვა – მედიკამენტი, რომელიც ამ სტანდარტს ვერ აკმაყოფილებს, ბაზარზე არ უნდა შემოდიოდეს, მიუხედავად იმისა, რამდენად მიმზიდველია ის ფასის თვალსაზრისით მეწარმისთვის, პაციენტისთვის თუ ექიმისთვის. ამ კუთხით, გასულ წელსაც მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებები განხორციელდა, მათ შორის ე.წ. GMP სტანდარტების რეალურად ამოქმედება. აღნიშნულ საკითხებზე დღევანდელ სხდომაზეც იყო საუბარი“, – აღნიშნა მინისტრმა.

მისივე თქმით, ხარისხისა და ფასის დაბალანსების შედეგი უკვე თვალსაჩინოა კონკრეტულ მაგალითებში.

„როდესაც ვსაუბრობთ ხარისხსა და ფასზე, მაგალითად, ფსიქოტროპული მედიკამენტების რეგულირების შემდეგ, ზოგ შემთხვევაში ფასი 12-ჯერ, ზოგ შემთხვევაში კი 8-ჯერ შემცირდა. აქ საუბარია კონკრეტული მედიკამენტის ფასზე და არა იმაზე, რომ ბაზარზე დაბალი ხარისხის, უფრო იაფი პროდუქტი გაჩნდა. საუბარია იმავე ხარისხის, იმავე პროდუქტის ფასის შემცირებაზე. შესაბამისად, საქმე გვაქვს ფასის კლებასთან უცვლელი ხარისხის პირობებში“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.